ევროპარლამენტის წევრები ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მიიჩნევენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, „განაახლე ევროპის“, „მწვანეებისა“ და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ერთობლივ განცხადებაში.
„9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა და სანდო ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ გამარჯვება სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოიპოვა. ამიტომაც, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ხელახლად არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსელი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მერვე დღეა ითხოვენ.
imedinews.ge