ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტის გამო შეზღუდვების დასაწესებლად. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ერთობლივი სტრატეგიის რეალიზაცია, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გადაიხედოს სამოგზაურო შეზღუდვები. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ კონტროლის ყველა აუცილებელი ზომის მისაღებად, გააგრძელონ მოსახლეობის ვაქცინაცია და იზრუნონ „ბუსტერ დოზების“ შემოღებაზე“, - აცხადებენ ევროკომისიაში.
კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
imedinews.ge