ბიზნესმენი და „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი ე.წ. აგენტების კანონს ეხმაურება. რომან ფიფია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას.
„ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას“, - აცხადებს რომან ფიფია.
გუშინ სოციალურ ქსელში „დინამო თბილისის“ განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მიიჩნევს ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.
„დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.
როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას“, - ნათქვამია განცხადებაში.