ევროპულმა კომისიამ ახალი წესები შეიმუშავა, რომელთა თანახმადაც, მწარმოებლები ვალდებულნი იქნებიან, ტელეფონებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობებისთვის უნივერსალური დასამუხტი მოწყობილობა შექმნან, - ამის შესახებ BBC წერს.
ინიციატივის მიზანია, შემცირდეს ნარჩენების მოცულობა - მომხმარებლებს, მოწყობილობის ყიდვისას, ახალი დასამუხტი მოწყობილობის შეძენა არ მოუწიოთ და უკვე არსებული, უნივერსალური მოწყობილობით სარგებლობა შეძლონ.
წინადადებას გამოეხმაურა Apple-ი. ტექნოლოგიური გიგანტი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ინოვაციურ მიდგომას დააზიანებს.
დაგეგმილი ცვლილება გულისხმობს სმარტფონების, ტაბლეტების, კამერების, ყურსასმენების, პორტატიული დინამიკებისა და ვიდეოთამაშების კონსოლების უნივერსალურ დასამუხტ მოწყობილობის შექმნას.
Apple-ის ზოგიერთი მოწყობილობა, მაგალითად, iPad Pro და Mac ლეპტოპები USB-C ტიპის დასამუხტ მოწყობილებებს იყენებს, iPhone-ი კი - Lightning-ს.