ევროკავშირი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დამატებით Pfizer-ის ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიიღებს, რაც Johnson & Johnson-ის პრეპარატის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების კომპენსაციას მოახდენს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ცალკეულ მწარმოებლებს ვაქცინის მოწოდების პროცესში შეფერხებები შეექმნათ, თუმცა შევთანხმდით კომპანია Pfizer-თან, რომელიც ევროკავშირს დამატებით 50 მილიონ დოზას მიაწვდის, რითაც საერთო მოცულობა 250 მილიონ დოზამდე გაიზრდება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ისივე განცხადებით, ევროკავშირში ვაქცინის ორი დოზა უკვე 27 მილიონ ადამიანს გაუკეთდა, რაც მოსახლეობის 6%-ს შეადგენს.
„ამ დროისთვის ევროკავშირმა ვაქცინის 126 მილიონი დოზა მიიღო, საიდანაც დაახლოებით 100 მილიონი გამოიყენა“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
სექტემბრის ბოლომდე ევროკავშირი ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციას გეგმავს.
imedinews.ge