ვარშავა ნატო-ს კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს ბელარუსის საზღვართან მიგრანტების კრიზისის განსამუხტად. ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად პოლონეთი ნატო-ს წესდების მეოთხე პუნქტის ამოქმედებას გეგმავს, რაც ბლოკის წევრების ერთობლივი კონსულტაციების გამართვას გულისხმობს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი წევრის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა.
ამასობაში, პოლონეთმა ბელარუსის საზღვრის მიმართულებით ჯავშანტექნიკა გადაისროლა, რითაც ბელარუსის საზღვართან ჰიბრიდული შეტევის მოგერიებას შეეცდება. ბრესტიდან 46 კილომეტრში პოლონეთის მე-10 ბრიგადის ჯავშანტექნიკა და 8500 ჯარისკაცია განლაგებული. საზღვრიდან 6 კილომეტრში, სოფელ ვეიკესთან პოლონელები 3 500 სამხედროზე გათვლილ საველე ბანაკის აღჭურვას ამთავრებენ.
ევროკავშირის თავმჯდომარემ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საზღვარზე შექმნილ ვითარებას „მიუღებელი“ უწოდა.
ბორელმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე Twitter დაწერა, რომ „ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მიგრანტებთან წვდომა უნდა ჰქონდეთ. ადამიანები იარაღად არ უნდა გამოიყენონ“.
თავის მხრივ, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ „კონტრპროდუქტიული“ უწოდა ევროკავშირის სანქციებს და განაცხადა, რომ მინსკი მიგრანტების ნაკადის შემცირებას ცდილობს და გაეროს სისტემაში შემავალ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.
ვითარება ევროკავშირის გარე საზღვარზე
ევროკავშირის აღმოსავლეთ გარე საზღვარზე ვითარება გასულ კვირაში მკვეთრად გაუარესდა. სხვადასხვა მონაცემებით, პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვარზე ათასობით მიგრანტი შეგროვდა, რომელთაც ღამისთევა ყინვაში, დროებით ბანაკებში უწევთ. ბოლო დღეებში მიგრანტების ჯგუფები რამდენჯერმე შეეცადნენ სასაზღვრო მავთულხლართების გარღვევას.