ძალადობა და წაქეზება მიუღებელია და დამნაშავეებმა ყველა მხრიდან პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებული სიტუაციის დასაწყნარებლად მხარეებმა თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.
„ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ იმოქმედოს იერუსალიმში არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. ტაძრის მთასთან/ ჰარამ ალ-შარიფთან დაკავშირებით წამქეზებლური ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული და სტატუს-კვოს მიმართ პატივისცემა უნდა იქნას გამოჩენილი.
ყველა მხრიდან პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ყველა ღონე იხმარონ ამ არასტაბილური ვითარების განსამუხტად,“- ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთთან და შეიხ ჯარაჰის რაიონში მოხდა. ათასობით პალესტინელი პარასკევს დილით მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოცვისთვის შეიკრიბა, მათი უმეტესობა ლოცვის დასრულების შემდეგ არ დაიშალა და შეიხ ჯარაჰის რაიონში მდებარე სახლებიდან პალესტინელების შესაძლო გასახლების ფაქტი გააპროტესტა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, პალესტინელებმა სამართალდამცავებს ბოთლები, ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს, რის გამოც, ისინი იძულებული გახდნენ, წესრიგი აღედგინათ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
Ipn.ge