ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ივნისისთვის შეიმუშავებს COVID-19-ის სერტიფიკატს, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ბლოკის ფარგლებში უფრო ადვილად იმოგზაურონ, საზაფხულო ტურისტულ სეზონზე.
ამგვარი სერტიფიკატის შემოღების მოწოდებით გამოდიან ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, რათა დასრულდეს ცალკეულ ქვეყნებში შემოღებული წესები, რომლებიც მოგზაურობას ართულებს.
„ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული საკითხია და, ამდენად, იმედი მაქვს, რომ მას ზაფხულამდე გადავჭრით“ - განაცხადა ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შეფჩოვიჩმა, 11 მაისს, ბლოკის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.
სამიზნეს წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხმების მაისის ბოლომდე მიღწევა, რაც შემდეგ შესაძლებელს გახდის სერტიფიკატის სისტემის 21 ივნისამდე ამუშავებას. სერტიფიკატი ვაქცინირებულ, COVID-19-სგან განკურნებულ ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებს ევროკავშირში საზღვრების გადალახვის საშუალებას მისცემს, იქ, სადაც ამჟამად შეზღუდვები მოქმედებს. ევროკავშირის მესვეურები ამბობენ, რომ ამგვარი სერტიფიკატის ქონა სავალდებულო არ იქნება და ის არ უნდა იყოს მიჩნეული სავაქცინო პასპორტად, ან დისკრიმინაციულ მექანიზმად.
ვაქცინაციის კამპანიის შედეგად, ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის მესამედია აცრილი და კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელიც იკლებს. ასეთ ფონზე, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა გახსნას იწყებს და საზაფხულო სეზონით ეკონომიკის აღდგენის დაწყების იმედი აქვს.
www.radiotavisupleba.ge