ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო საქართველოს მთავრობას კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ასევე ბიზნეს სექტორის მხარდაჭერისათვის წინადადებებით მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაცია Facebook-ზე წერს.
„წარმოვადგენთ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრი კომპანიების მიერ მოწოდებული მოსაზრებების საფუძველზე შემუშავებულ წინადადებებს იმ საკითხებზე, რაზეც მნიშვნელოვანია იმსჯელოს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსიდან გამომდინარე ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ასევე ბიზნეს სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტი განვიხილეთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან.
ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს სავალუტო კურსის განუსაზღვრელი ცვალებადობა, რაც პრაქტიკულად ხელს უშლის ყველა სახის ბიზნეს გათვლასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია, უახლოეს დღეებში ეროვნულმა ბანკმა, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, წარმოადგინოს ეროვნული ვალუტის გამყარების/დასტაბილურების უსწრაფესი, 3-თვიანი გეგმა. მაშინ, როდესაც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მეზობელ ქვეყნებში ვალუტის კურსები აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება, ლარის კურსი კი 2.79-იანი ნიშნულიდან 3.28-მდე ავიდა. უმნიშვნელოვანესია ლარის გამყარების/დასტაბილურების ზემოხსენებული გეგმა დაუყოვნებლივ იქნას მიღებული, ვინაიდან სხვა ყველა შემოთავაზებული შეღავათი ბიზნესისთვის იქნება არაეფექტური.
ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ქვემოთ მოცემული საკითხები დაყოფილია თემებად და გამოვთქავმთ მზადყოფნას მთავრობასთან და ბიზნეს ასოციაციებთან ერთად დეტალურად გავიაროთ თითოეული პუნქტი და გავითვალისწინოთ ორივე მხარის ინტერესები. ჩვენს მიზანს წარმოადგენს მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯების ხელშეწყობა, რათა ავიცილოთ ეკონომიკური კოლაფსი“, - აღნიშნულია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიმართვაში.
საქართველოში კორონავირუსის 98 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge