ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციის მიერ მანდატების აღებაა. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ევროპარლამენტარი საუბრობს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაყალბების მასშტაბი შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. ევროპელი პოლიტიკოსი ამ დასკვნის საფუძვლად არასამთვარობო ორგანიზაციების შეფასებებს ასახელებს.
„მე რომ ამომრჩეველი ვყოფილიყავი საპარლამენტო არჩევნებში, მოველოდებოდი ჩემს წარმომადგენელს პარლამენტში. მნიშვნელობა არ აქვს - ის უმრავლესობას დაიკავებდა, თუ ოპოზიციაში იქნებოდა. მე მექნებოდა სურვილი, რომ ჩემი არჩევანი პარლამენტში მენახა. დიახ, იყო საარჩევნო კოდექსის დარღვევა, იყო გაყალბებაც, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შედეგებზე დიდი გავლენა მოეხდინა. ამას ადასტურებენ განსხვავებული არასამთავრობო და საარჩევნო ორგანიზაციებიც. ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ კუთვნილი ადგილები“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ვიოლა ფონ კრამონი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები შედგება.
„ვიმედოვნებთ, რომ შემდეგში უფრო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები შედგება, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ველით, რომ ისინი მანდატებს აიღებენ და დაიწყებენ მუშაობას. თუ ეს ასე არ მოხდება, პარლამენტი უფუნქციო იქნება. ვერ ვხვდები, ოპოზიცია ამას რატომ აკეთებს. გასაგებია, რომ დიდია მათი იმედგაცრუება და უკმაყოფილება, მაგრამ ისინი არჩეული არიან ხალხის მიერ და როგორ უნდა თქვა ამაზე უარი? მე ვერ ვხვდები მათი ქმედების მოტივს. თქვენი ბევრი რევოლუციის მომსწრე ხართ, რის შედეგადაც თქვენ არანაირი ცვლილება არ გაქვთ. ქვეყანაში მოხდა საკონსტიტუციო ცვლილება, ბევრი პოლიტიკური ცვლილება, ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის მანდატების აღებაა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
Imedinews.ge