გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს შვილობილმა, ლოუქოსტერმა Eurowings-მა ბილეთებზე მინიმუმ 10%-იანი ზრდაზე განაცხადა. პანდემიის პერიოდში, როდესაც მოგზაურობაზე დაბალი მოთხოვნა იყო და ქვეყნებს COVID-რეგულაციები ჰქონდათ დაწესებული, ავიაბილეთები საკმაოდ იაფი იყო, თუმცა რეგულაციების მოხსნასთან და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, დღის წესრიგში ავიაბილეთების გაძვირება დადგა, მით უმეტეს რომ საავიაციო ნავთის ფასები უკვე რეკორდებს აღწევს.
ავიაკომპანია Eurowings-ის დირექტორის იენს ბიშოფის თქმით, ხარჯების ზრდა Eurowings-ს აიძულებს შეცვალოს ტარიფები.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით ბილეთები უკვე გაძვირებულია დაახლოებით 10%-ით, ახლა კი ისევ 10%-ით იგეგმება ფასების გაზრდა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Eurowings-ი აქტიურად ოპერირებს საქართველოს ავიაბაზარზეც. ავიაკომპანია დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.
ცნობილია ასევე ისიც, რომ Eurowings-ი თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს გერმანიის ქალაქლ შტუტგარტიდანაც. ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული მონაცემებით ირკვევა, რომ Eurowings-ი შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულებას 19 ივლისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სიხშირეების რაოდენობა შეამცირა. ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.
Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთზეა გათვლილი: BASIC, SMART და BIZclass.
გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.
2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.