დღეიდან „ევრონიუს საქართველო“, სრულფასოვან ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს. არხი მაყურებელს სთავაზობს დილის, დღისა და საღამოს ახალი ამბების გამოშვებებს უწყვეტ რეჟიმში.
„ევრონიუს ჯორჯია“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა „ევრონიუსი“ და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, პარტნიორული ხელშეკრულებით დააფუძნეს.
„ევრონიუს ჯორჯიას“ მთავარ რედაქტორად მოწვეულია ბერძნული „ევრონიუსის“ მთავარი რედაქტორი, ვასილის ბიცისი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია „ევრონიუს ჯორჯიასათვის“, რათა ზედმიწევნით იყოს გადმოცემული „ევრონიუსის“ ფასეულობები და სარედაქციო პოლიტიკა.
მსოფლიოს მასშტაბით, „ევრონიუსი“ 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. გლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.
ipn.ge