ეთნოწმენდა, გენოციდი და ეკონომიკური კოლაფსი - სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

ეთნოწმენდა, გენოციდი და ეკონომიკური კოლაფსი - სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

access_time2021-09-27 10:00:33

28 წლის წინ სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობის სახურავიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სოხუმის მერი და შენობაში დარჩენილი სხვა ქართველები ეთნიკური ნიშნით დახვრიტეს. 300 000 ქართველი კი ასევე ეთნიკური ნიშნით საკუთარი სახლებიდან განდევნეს. მას შემდეგ აღარც შინდისფერი და აღარც ხუთჯვრიანი დროშა სოხუმის თავზე აღარ აღმართულა. გალის რაიონის გარდა საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებული პირები კი სახლებში დაბრუნებას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ. თავად აფხაზეთში, რომელიც ეკონომიკურად და არა მხოლოდ ეკონომიკურად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული უვიზო მიმოსვლის მიუხედავდ ბიჭვინთისა და გაგრის პლაჟები ნაურუელ ტურისტებს არც პანდემიამდელ პერიოდში გადაუვსიათ.



მოსკოვის მიერ ათწლეულებით ადღე ჩადებულმა ნაღმმა მოქმედება 1989 წელს დაიწყო. თბილისში 9 აპრილის მიტინგის დარბევას და დამოუკიდებლობის მოთხოვნის წამოყენებას, წინ „ლიხნის კრების“ გაპროტესტება უძღოდა, სადაც სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართელოს საბჭოთა რესპუბლიკიდან გამოყოფა და საბჭოთა კავშირში რესპუბლიკის სტატუსით გაერთიანება მოითხოვეს. მიმართვას ხელს აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბაც აწერდა. ლიხნის კრებიდან 4 თვის შემდეგ 1989 წლის ივლისში პირველ შეიარაღებულ შეტაკებას სოხუმში 22 ადამიანი ემსხვერპლა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე კიდევ 3 წელი იყო დარჩენილი.



მიუხედავად იმისა, რომ ლიხნის კრებაზე შედგენილ მიმართვას 32 000 ადამიანი აწერდა ხელს, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე სოხუმში საქართველოს დამოუკიდებლობას ამომრჩეველთა 97%-მა დაუჭირა მხარი, გაგრაში 94%-მა, ოჩამჩირეში 91%-მა, გულრიფშში 98%-მა, გალში 99%-მა.



1991 წლის მდგომარეობით აფხაზეთში ეთნიკური ქართველების წილი 47%-ს შეადგენდა, ეთნიკური აფხაზების კი 17%-ს, თუმცა რთული ვითარების დეესკალაციის მიზნით, პრეზიდენტ გამსახურდიას გადაწყვეტილებით 9 ივლისს მიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 65 ადგილიდან აფხაზებს 28 ერგოთ, ქართველებს - 26, დარჩენილი 11 კი სხვა ეროვნების წარმომადგენლებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზი უნდა ყოფილიყო, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - ქართველი.



1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოში ვითარება რადიკალურად იყო შეცვლილი. ფაქტობრივ ხელისუფლებას დევნილი პრეზიდენტის მომხრეთა ნაწილი არ ემორჩილებოდა, რასაც მწვავე ეკონომიკური პრობლემებიც ემატებოდა. 14 აგვისტოს „რკინიგზის კონტროლის მიზნით“ კიტოვანის თაოსნობით ენგურის ხიდი სატანკო ნაწილებმა გადაკვეთა. იმავე დღეს ომიც დაიწყო.



3 სექტემბერს, მოსკოვში შევარდნაძემ ელცინმა და არძინბამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შევარდნაძე იმ მომენტში ე.წ. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს წარმოადგენდა. შეთანხმება მხოლოდ ცალმხრივად შესრულდა. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა, 5 ოქტომბერს სეპარატისტებმა საქართველო-რუსეთის საზღვარზეც დაამყარეს კონტროლი. გაგრის დაცემის შემდეგ ქალაქში მყოფ ეთნიკურ ქართველებს სეპარატისტებმა სასაკლაო მოუწყვეს. სხვა ჩრდილო კავკასიელებთან ერთად მათ მხარეს ტერორისტი შამილ ბასაევიც იბრძოდა, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ატარებდა. არძინბას მხარეს იბრძოდა, ადგილობრივი სომხებით დაკომპლექტებული და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ბაგრამიანის ბატალიონიც.





1993 წლის სექტემბრამდე ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევა სოხუმზე მარტში განხორციელდა. შეტევაში რუსული ავიაციაც მონაწილეობდა. 16 მარტს ქართული არტილერიის წარმატებული მოქმედებების შედეგად აფხაზურმა მხარემ 1000 ჯარისკაცი დაკარგა. ასეთი გამარჯვების ლოგიკური გაგრძელება კონტრშეტევა უნდა ყოფილიყო, ჯარს მსგავსი ბრძანება არ მიუღია. 2 ივლისს სეპარატისტებმა სოფელ ტამიშთან რუსული სამხედრო ხომალდით დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ 300 მებრძოლი და ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალზე კონტროლი დაკარგა. 5 ივლისს სოფელ კამანის აღების შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარემ ადგილობრივი ქართული მოსახლეობა სრულად გაანადგურა. დახოცილთა და გაუპატიურებულთა შორის იყვნენ ბავშვებიც და მონაზვნებიც. დესანტის გადმოსხმის მომენტში 14 მაისს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება მოქმედებდა, ოღონდ ისევ ცალმხრივად. 27 ივლისს სოჭში კიდევ ერთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც სხვა არაფერი იყო თუ არა სამარცხვინო კაპიტულაცია. ქართულმა მხარემ სოხუმიდან მთელი ჯავშანტექნიკა და არტილერია გაიყვანა. მათი ფოთამდე ტრანსპორტირებისთვის კი რუსული გემი დაიქირავა. შეთანხმება რეგიონიდან ჩრდილოკავკასიელების გაყვანასაც ითვალისწინებდა, მაგრამ წარსულის გამოცდილებით ცხადი იყო, რომ არავინ არსად გადიოდა. რუსული ავიაციის მხარდაჭერით სოხუმზე შეტევა 16 სექტემბერს განახლდა. მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილი ქალაქი 11 დღეში დაეცა. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს აპარატის კიდევ 27 თანამშრომელი ადგილზე დახვრიტეს. არსებობს კადრები სადაც გურამ გაბესკირიას დაჩოქებას სთხოვენ სოხუმის უკანასკნელი მერი კი პასუხობს - Никогда в жизни! – (არასდროს სანამ ცოცხალი ვარ).





21-23 სექტემბერს სეპარატისტებმა სოხუმში 3 სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. დაიღუპა 136 ადამიანი. მომხდარი ტერორისტულ აქტად დღემდე არაა შეფასებული. სოხუმის დაცემიდან 3 დღეში, 30 სექტემბერს აფხაზურ-რუსულმა ძალებმა ენგურის ხიდზე დაამყარეს კონტროლი. მთელი აფხაზეთი კოდორის ხეობის გარდა საოკუპაციო რეჟიმის გამგებლობაში გადავიდა. მატარებელზე, თვითმფრინავსა და გემზე ასვლა ყველამ ვერ შეძლო. ათიათასობით ადამიანს აფხაზეთის დატოვება კოდორის გავლით ფეხით მოუწია. ბერი მათგანი გზაში გაიყინა. იყო ძარცვისა და მკვლელობის შემთხვევებიც.





24 სექტემბერს, მაშინ როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, პრეზიდენტი გამსახურდია სენაკში დაბრუნდა. გამსახურდიას დასახვედრად ზუგდიდში დიდი მიტინგი გაიმართა, რის შემდეგაც დევნილი პრეზიდენტი გალში გადავიდა სადაც მას ფაქტობრივ ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ აფხაზეთის ერთობლივ კონტროლზე ხელის მოწერა სთხოვეს, რაზედაც გამსახურდიამ უარი განაცხადა.




სოხუმის დაცემიდან 11 დღეში, 1993 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს იმ დროინდელმა ფაქტობრივმა ხელისუფლებამ დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს დსთ-ში გაწევრიანების თხოვნით მიმართა.



სოხუმის დაცემიდან 3 კვირაში, შევარდნაძემ გამსახურდიას მომხრეების გასანადგურებლად მოსკოვს ოფიციალურად სთხოვა სამხედრო დახმარება. 20 ოქტომბერს ფოთს ადმირალ ბალტინის ჯარები მოადგა, რამაც პრეზიდენტის მომხრეების დამარცხებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.






სოხუმის დაცემიდან 6 თვეში 1994 წლის 14 მაისს თბილისმა რუსეთის საოკუპაციო ჯარებს „სამშვდოდობოს“ მანდატი მიანიჭა. 2008 წელს რუსეთმა ინტერვენციის საბაბად გამოგონილი „2000 მოკლული ოსი“  და „რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმა“ დაასახელა. მოსკოვი „დახოცილ სამშვიდობოებზეც“ აპელირებდა, იმ „სამშვიდობოებზე“ რომლებიც არათუ არ უზრუნველყოფდნენ მშვიდობას, არამედ თავად მონაწილეობდნენ ქართული სოფლების დაცხრილვაში.



ომს საერთო ჯამში 25 000-მდე ადამიანი შეეწირა, მათგან დაახლოებით 5000 წმინდა ეთნიკური ნიშნით. ისინი არც ბრძოლის ველზე დახოცილან და არც უმართავი ჭურვის ნამსხვრევების მსხვერპლი გამხდარან. გაგრაში, ოჩამჩირეში, შრომაში, კამანსა და კიდევ რამდენიმე სოფელში სასაკლაოები ეთნიკური ნიშნით მოაწყვეს.



საერთაშორისო განმარტების მიხედვით გენოციდი რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით ადამიანთა ჯგუფის ფიზიკური განადგურებაა. ჰოლოდომორისა და ჰოლოკოსტისგან განსხვავებით მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი აფხაზეთში ბევრად ნაკლები იყო. 6 მლნ ქართველს სურვილის შემთხვევაშიც ვერ მოკლავდნენ, რადგან ამდენი საქართველოს მთლიანი მოსახლეობაც არ ყოფილა. არც ის იქნება სიმართლე თუ ვიტყვით, რომ რეგიონში ქართველების 60% ფიზიკურად გაანადგურეს, თუმცა ზოგიერთ სოფელში ეს მაჩვენებელი 100%-საც კი მიუახლოვდა, გარდა ამისა გალის გარდა ქართველების თითქმის 100% საკუთარი სახლებიდან სწორედ ეთნიკური ნიშნით გამოაძევეს. საქართველოშიც და დასავლეთშიც მომხდარს ხშირად ეთნიკურ წმენდას უწოდებენ, ფაქტი ოფიციალურად გენოციდად არ შეფასებულა.



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე რაიონების მიხედვით მოცემულია იმ სამოქალაქო პირთა არასრული სია, რომლებიც სეპარატისტებმა დახვრიტეს. მათი ნაწილი სიკვდილამდე აწამეს და გააუპატიურეს. გაგრაში 474 მოკლულს შორისაა 12 წლის თამარ კიკვიძე და ასევე 12 წლის მარიამ ჩოფლიანი, ოჩამჩირეში მინიმუმ 733 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, მათ შორის დახვრიტეს 10 წლის მირზა მანაგაძეც. გულრიფშში მოსაკლავად გაიმეტეს 8 წლის ნინა კუპრეიშვილი და 9 წლის გია წურწუმია, გალში მტრის ტყვიას ვერც 8 წლის ნაპოლეონ უზარაშვილი გადაურჩა და ვერც 3 წლის ვიქტორია ხაზალია, სოხუმში დახვრიტეს 7 წლის გოჩა ბებიაც. გუდაუთაში 96 წლის ივლიტა ჯურხაძე მიიჩნიეს ეგზისტენციალური საფრთხის მქონედ. სიებში მოკლულთა რაოდენობა ჯამში 5000-ს სცდება. დახვრეტებთან ერთად ვხდებით წამებისა და მკვლელობის ისეთ მეთოდებს როგორებიცაა, ყელის გამოჭრა, სამართლებლით დასერვა, კიდურების ამპუტაცია... ასევე ცხედრების შეურაცხყოფა, მიცვალებულების ამოთხრა და ზღვაში გადაყრა.






1992-1993 წლების შემდეგ იყო 1998 წელი. მაისში გალში პარტიზანულ ბრძოლებს ქართული მხრიდან 35 ადამიანის დაკარგვა მოჰყვა. 50 000 ადამიანი ისევ დროებით დევნილად იქცა. 6000-მდე სახლი დაზიანდა ან სრულად განადგურდა. კოდორის ხეობაში 2001 წლის ოქტომბერში გამართულ შეტაკებებს დამატებით 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 9 გაეროს თანამშრომელი იყო. ისინი შვეულმფრენის ჩამოვარდნას შეეწირნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერტმფრენი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა, მოსკოვი მომხდარში თბილისს ადანაშაულებდა.



ოკუპაციის, 25 000 დაღუპულისა და 300 000-იანი დევნილის გარდა, 90-იან წლებში ეკონომიკის სრულ გაჩანაგებაში აფხაზეთის ომის წვლილი ძალიან დიდი იყო. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა შიმშილს, ან რამდენი გაიყინა ქუჩაში უცნობია. უცნობია ისიც, თუ რამდენი ადამიანი მოკლეს 5 ან 10 ლარის გამო.



რატომ მოეწერა ხელი 27 ივლისის შეთანხმებას, რომელიც უპირობო მარცხსა და გარდაუვალ კატასტროფას ნიშნავდა? რით დაემუქრნენ შევარდნაძეს, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით თუ მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვით, უცნობია.



2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საოკუპაციო არეალი გააფართოვა და კოდორის ხეობაც მიიტაცა. ზემო აფხაზეთში ქართულ მხარეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოსკოვმა ე.წ. სამშვიდობოები სრულფასოვანი სამხედრო ბაზით ჩაანაცვლა. ბაზაზე ცოცხალი ძალის რაოდენობა 3500-ს აჭარბებს, მათ განკარგულებაშია მძიმე ტექნიკაც.



2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. 13 წლის მანძილზე მის მაგალითს მხოლოდ ექვსმა სახელმწიფომ: ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ვანუატუმ, ტუვალუმ და სირიამ მიბაძა. თუმცა მოსკოვის შემდეგ პირველი ტერორისტული ორგანიზაცია - ჰამასი იყო. მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს. „საკომპენსაციოდ“ სოხუმმა ნაურუსთან უვიზო მიმოსვლას მოაწერა ხელი.



ბევრ მათგანს, რომელიც კოდორზე გადმოსვლისას დაბადებულიც არ იყო, დღეს უკვე სკოლის ასაკის შვილი ჰყავს. თუ 15 წლის წინ ყველა პოლიტიკოსი არჩევნების მოახლოებისას თავს ვალდებულად თვლიდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება გაეცა, დღეს თემაზე აღარ ან ნაკლებად საუბრობენ. გამოკითხვებშიც პრობლემათა ჩამონათვალში აფხაზეთი პირველ სამეულში სულ უფრო იშვიათადღა ხვდება.



20 წლის წინ გალში 32 ქართული სკოლა ფუნქციონირებდა, 2021 წელს კი ქართულად სწავლა მთლიანად აიკრძალა და ქართულს მხოლოდ უცხო ენის სტატუსი მიენიჭა.



ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან შედარებით ადმინისტრაციული საზღვრიდან გატაცებების რიცხვი შედარებით ნაკლებია, თუმცა მსგავსი ფაქტები მაინც ხდება. 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორია მოკლეს. მკვლელობის კადრები ვიდეო კამერამ აღბეჭდა. მკვლელ რაში კანჯი ოღლის ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ენგურს გადაღმა კანჯი ოღლი რამდენიმე კვირით შინაპატიმრობაში აიყვანეს და შემდეგ „მტკიცებულებების არ ქონის“ საბაბით გაათავისუფლეს.



2019 წლის 10 მარტს, რუსეთის  ФСБ-მ, ირაკლი კვარაცხელია გაიტაცა და მოკლა შემდეგ განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელიამ ე.წ. საზღვარი გადაკვეთა და დაკავებულმა თავი ჩამოიხრჩო.



2020 წლის 8 დეკემბერს გალის ე.წ. სასამართლომ არარსებული სახელმწიფოს დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუას 9 წლიანი ტყვეობა განუსაზღვრა.






მთელი აფხაზეთი ელექტროენერგიით ენგურჰესიდან მარაგდება, მოხმარებული ელექტროენერგიის ფულს იქ არავინ იხდის. ზამთარში ჰესის გამომუშავების 100% აფხაზეთში მიდის, რაც გაზრდილი კრიპტომაინინგის გამო უკვე არასაკმარისია და რუსეთიდან იმპორტის საფასურსაც თბილისი ფარავს. ვინც ენგურის ხიდის გადმოკვეთას მოახერხებს, მათთვის ყველა სახის სამედიცინო მომსახურება უფასოა. საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. მესაზღვრეები მხოლოდ სპეციალური საბუთის ქონის შემთხვევაში ატარებენ. ურთიერთობები ამის იქით აღარ მიდის. რუსული სპეცსამსახურები ანტიქართულ კამპანიას საბჭოთა პერიოდშიც ატარებდნენ, ბოლო სამი ათწლეულია რაც მან განსაკუთრებით აგრესიული სახე მიიღო. საინფორმაციო საშუალებებიდან, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ბავშვებს და არა მხოლოდ მათ ქართველებს აძულებენ. ეთნიკურად აფხაზების აბსოლუტურ უმრავლესობას მართალია დანარჩენ საქართველოსთან რეინტეგრაცია არ სურს, ვისაც სურს ვერ ამხელს, მაგრამ ოსებისგან განსხვავებით მათი ოცნება არც რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებაა. საერთაშორისო აღიარების მოლოდინში რეგიონი ეკონომიკურად ისევ მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, ბევრს ეს ფაქტი არ მოსწონს, მაგრამ ვერაფერს ხდება. უვიზო მიმოსვლის მიუხედავად ბიჭვინთისა და გაგრის პლაჟები ნაურუელ ტურისტებს არც პანდემიამდელ პერიოდში გადაუვსიათ.



გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up