14 მაისს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 მაისის შემდეგ პირველად გადააჭარბა 200-ს. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქვეყანაში 217 ინფიცირებული გარდაიცვალა, ჯამში კი ვირუსს უკვე 27 321 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთში კორონავირუსის დიაგნოზი სულ 229 540 ადამიანს დაუსვეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge