ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რეალური რიცხვი სამ მილიონს აღემატება. ესპანური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 1 026 281 შემთხვევაა დაფიქსირებული, 150 376 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 521 კი გარდაიცვალა.
„წინ მძიმე თვეები გველის. ამჟამინდელი სიტუაცია განსხვავდება იმისგან, რაც მარტში იყო, როდესაც საყოველთაო კარანტინი გამოვაცხადეთ. ახლა ჩვენი მიზანი კარანტინის გამოცხადებისთვის თავის არიდებაა, ვინაიდან ის ნეგატიურად მოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ასევე სოციალურ ცხოვრებაზე. სახელმწიფო ინსტიტუტებმა, პარტიებმა და მოქალაქეებმა, ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ზომები ვირუსის შესაჩერებლად. ინფექცია ხალხში ვრცელდება და ამიტომ საჭიროა მობილობის შემცირება. ალტერნატივა არ არსებობს: მობილობასთან ზრდასთან ერთად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვიც“, - განაცხადა სანჩესმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge