ესპანეთის მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას მაისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა განაცხადა.„დარწმუნებული ვარ, რომ 15 დღეში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის გახანგრძლივება მოგვიწევს, რადგან პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 152 000 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 15 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge