ესპანეთი დღეიდან Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას იწყებს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინით თავდაპირველად 70-დან 80 წლამდე პირებს აცრიან.
ესპანეთმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის წამლის სააგენტომ სამშაბათს განაცხადა, რომ ვაქცინის სარგებელი მის რისკს აღემატება.
გასულ კვირაში აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების რეკომენდაცია ექვს ვაქცინირებულში თრომბის წარმოქმნის შემთხვევის გამო გასცეს, რის შემდეგაც კომპანიამ ვაქცინის ევროპისთვის მიწოდება შეაჩერა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ Johnson & Johnson-ი ვაქცინის ევროპაში შეტანას განაახლებს.
IPN.GE