„23 იქნება, 24, თუ 22 - ეს ძალიან მალე გახდება ცნობილი. მე პირადად ვემხრობი, რომ ძალიან მალე კიდევ უფრო გაფართოვდეს ჩვენი პროტესტი და ეს შესაძლოა იყოს თუნდაც 23 ნოემბერი, - აცხადებს „რეზონანსთან „ნაციონალური მოძრაობის წევრი მამუკა ჩიქოვანი, რომელიც კიდევ ერთ მოსალოდნელ ფართომასშტაბიან აქციაზე საუბრობს.
ჩიქოვანის განცხადებით, უახლოეს დღეებში არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, არამედ სხვა სამთავრობო სტრუქტურებთანაც შეიძლება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართოს. ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ ეს დღე შესაძლოა იყოს 23 ნოემბერი - „ვარდების რევოლუციის მე-16 წლისთავი.
„აქციები ყოველდღე გაგრძელდება 7 საათზე, დღესაც იქნება. ახლა მიდის შეთანხმება სხვადასხვა ფორმებზე და ასევე პიკეტირების ფორმაზეც, რომელიც პარლამენტთან გაგრძელდება. იგივე რეჟიმში ვართ, შეიძლება უფრო გავაფართოვოთ და მხოლოდ პარლამენტთან არ იყოს, სხვა სამთავრობო სტრუქტურებთანაც. ამაზე ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდება და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ მიტინგებზე ცნობილი იქნება სხვა ფორმები.
„სავსებით ლეგიტიმური და რეალურია, რომ სწორედ ამ დღეებში კიდევ ერთი დიდი, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართოს. იმ ფორმატში, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა ერთ მაგიდასთან სხდება და გადაწყვეტილება მიიღება, სწორედ იქ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამბობს ჩიქოვანი.
„ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძე ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს;
„პროტესტი გაგრძელდება. ჯერ გვაქვს კონსულტაციები და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ვიკრიბებით ყოველდღე და ერთმანეთთან გავდივართ კონსულტაციებს. როგორ ჩამოვყალიბდებით, იმის მიხედვით გაგაცნობთ, - განაცხადა დეკანოიძემ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქცია 18 ნოემბერს სპეცრაზზმა წყლის ჭავლისა და სპეციალური ტექნიკის დამხარებით დაშალა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და პარლამენტის შენობის პიკეტირებას ისევ მოახდენენ.
resonancedaily.com