კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს კანონი ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება. ამ კანონის მიღების შემთხვევაში კი, მოიკლებს ფული და ხალხს ცხოვრება უფრო გაუჭირდება.
„ეს კანონი ეკონომიკისთვის იქნება დამაზიანებელი. ეკონომიკა განყენებული ცნება ხომ არ არის? ეს ჩვენს ყველას დაზიანებას ნიშნავს და ეკონომიკისთვისაც იმიტომაა დამაზიანებელი, რომ მოიკლებს ფული და ხალხს უფრო გაუჭირდება ცხოვრება, ვიდრე აქამდე უჭირდათ. იმედია შეჩერდებიან. მე მაქვს ამის იმედი. იმიტომ, რომ მართლა ყველა წინააღმდეგია, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც“ - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
მისი თქმით, ე.წ. აგენტების კანონი ინვესტორებსაც დააფრთხობს, რადგან ქვეყანაში შესვლისას ისინი იმას უყურებენ, თუ რა გარემოა. ამ კანონით კი აგენტები დაერქმევათ მათ, ვინც ქვეყანას ეხმარება.
„ამით შესაძლოა ინვესტორები დავაფრთხოთ. კომპანიები ბაზარზე შესვლის შემთხვევაში უყურებენ - რა გარემოა. კომპანია, რომელიც ფულს გვაძლევს, ჯაშუშს ვეძახით და რანაირად უნდა მოუნდეს ეგეთ ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება? საუბარია კონტროლზე და კონტროლი იქნება შერჩევითი, ვინც თვალში არ მოუვათ, იმათ დაეცემიან და შეუჩერებენ საქმიანობას.
არ არის არც ერთი რეგიონი, მუნიციპალიტეტი, სოფელი, სადაც USAID-ის თუ სხვა დონორების დახმარებით ბიზნესი არ გაკეთებულა. გვეხმარებიან ადამიანები, ბიზნესს ხელს უწყობენ, უფრო მდგარად, სასარგებლო, ცირკულარულ პროექტებს აფინანსებენ, სოფლის მეურნეობაში უზარმაზარი თანხებია ჩადებული და ამ ხალხს ხომ არ უნდა ვაგინოთ?“ - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
მისი თმით, ე.წ. აგენტების კანონის მიღების მიზანი იმ ფულადი ნაკადების შეჩერებაა, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
„ეს გრანტები არის ფინანსური წყარო, რომელიც გარედან მოდის და ვერ აკონტროლებენ და უნდათ მისი კონტროლი და „გაჩერება“. ორგანიზაცია, რომელიც საუბრობს, რომ კორუფციაა ხელისუფლებაში, ეს არ მოსწონს ხელისუფლებას და შეეცდებიან ის გააჩუმონ“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.