Apple-ის ვიცე–პრეზიდენტმა სპეციალური პროექტების მიმართულებით დუგ ფილდმა კომპანია დატოვა და სამუშაოდ ავტოკონცერნში Ford Motor გადავიდა. ამის შესახებ ავტომწარმოებლის პრეს–სამსახური იუწყება.
Ford–ში ფილდი მოწინავე ტექნოლოგიებისა და ჩაშენებული სისტემების მიმართულებებს ჩაიბარებს. ის კონცერნის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის ჟიმ ფარლის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება.
„ჩემთვის დიდი პატივი იქნება, Ford–ს ახალი თაობის პროდუქტების შექმნაში დავეხმარო, რაც ელექტრიფიკაციაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე და ავტონომიურობაზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა დუგ ფილდმა.
მან Apple–ში 2018 წელს დაიწყო მუშაობა, მანამდე კი Tesla-ში მუშაობდა, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექტრული სედანის Model 3 გამოშვებაში, წერს Bloomberg. გამოცემის ინფორმაციით, ფილდი Apple–ში იმ გუნდს ხელმძღვანელობდა, რომელიც ელექტრომობილს ქმნიდა.
იმის შესახებ, რომ ფილდი Apple–ის „საიდუმლო პროექტს“ ხელმძღვანელობდა, Financial Times–იც წერს.
„ეს დარტყმაა Apple–ის ამბიციებზე საავტომობილო ფრონტზე. Ford-ს გაუმართლა“, – აღნიშნა გამოცემასთან საუბარში Wedbush–ის ანალიტიკოსმა დენ აივზმა.
მანამდე Apple–ის გუნდი სამმა მნიშვნელოვანმა თანამშრომელმა დატოვა: საავტომობილო პროექტის ერთ–ერთმა ფუძემდებელმა ბენჟამინ ლიონმა, ავტონომიური მართვის სპეციალისტმა ჰაიმე ვაიდომ და დეივ სკოტმა, რომელიც რობოტოტექნიკის მიმართულებით მუშაობდა. Financial Times–ის მონაცემებით სამივე სპეციალისტი დუგ ფილდის დაქვემდებარებაში მუშაობდნენ.
Apple საკუთარი უპილოტო ელექტრომობილის შექმნაზე 2014 წლიდან მუშაობს, წერდა სააგენტო Reuters. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მანქანების წარმოება, შესაძლოა, 2024 წლიდან დაიწყოს. Bloomberg-ის წყარო კი ირწმუნება, რომ პროექტი საწყის ეტაპზეა და წარმოების დასაწყებად სულ მცირე 5 წელია საჭირო.
Forbes