საპენსიო ფონდი უნდა იქცეოდეს ძალიან ფრთხილად, მისთვის მოსახლეობის მიერ მინდობილი ფული, მაქსიმალურად ნაკლებ რისკიან აქტივებში უნდა იყოს განთავსებული - ამის შესახებ ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი ნიკორას ობლიგაციებში ჩადო, რამაც ეკონომიკის და ფინანსების სფეროს ექსპერტებს კითხვები გაუჩინა. ლევან კობერიძე საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებას რეპუტაციული ზიანის მომტანს უწოდებს და მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს.
„საპენსიო ფონდის მუშაობის პირველი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, იმ აქტივის სწორად გამოყენებით, რაც რეალურად გროვდება მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხებით. დღეისათვის 3,5 მლრდ ლარი.
მეორე ამოცანა არის ე.წ გრძელი ფულის შექმნის პრეცედენტი. როდესაც ქვეყანაში არის ისეთი ტიპის ინსტიტუცია, როგორიცაა საპენსიო ფონდი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ე.წ. გრძელი ფულის პრეცედენტი შექმნას, გრძელვადიან დაგეგმარებაზე ფიქრს შეაჩვიოს, როგორც საფინანსო ინსტიტუტები, ასევე ქვეყნის ეკონომიკა და ასე შემდეგ.
სწორედ ამ რეფორმის გამოა ძალიან ბევრი დახმარება, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო კორპორაციების გვერდში დგომა განპირობებულია სწორედ იმით, რომ ასეთი ტიპის საპენსიო რეფორმა ჩატარდა. ამიტომ მასზე რაიმე სახის რეპუტაციული სახის ზიანის მიყენება, არის ძალიან დიდი მავნებლობა.
ეს არის რეპუტაციული ზიანი და ავხსნი რატომ: ფაქტობრივად ეს არის საინვესტიციო ფონდი, სადაც თანხები აკუმულირდება. საინვესტიციო ფონდი და მათ შორის საპენსიო ფონდი უნდა იქცეოდეს ძალიან ფრთხილად, რადგანაც მისთვის მოსახლეობის მიერ მინდობილი ფული იყოს მაქსიმალურად დაცულად განთავსებული სხვადასხვა თემებში.
ჩვენ კანონის მიღების დროს სწორედ ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ნაკლებ რისკიან აქტივებში უნდა იყოს ეს ყველაფერი განთავსებული. იმიტომ რომ სხვა საინვესტიციო ფონდებისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს კერძო თუ სახელმწიფო, საპენსიო ფონდი არის გრძელვადიანად პასუხისმგებელი მოსახლეობის წინაშე და ამიტომ ნებისმიერი რყევა, ნებისმიერი სარისკო გადაწყვეტილების მიღება, მეტი მოგების თვალსაზრისით, ფაქტობრივად არყევს მის რეპუტაციას და მდგრადობას უქმნის საფრთხეს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაზე როდესაც ვსაუბრობთ, BB რეიტინგის მქონე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ეს ტრანზაქცია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეჭვქვეშ აყენებს სანდოობას, გრძელვადიანი თვალსაზრისით, შეძლებს თუ არა საპენსიო ფონდი განთავსებული აქტივის უკან მოგებით დაბრუნებას.
ეს არის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ რეპუტაციულ ზიანს აყენებს, სანდოობის თვალსაზრისით დიდ საფრთხეს უქმნის საპენსიო ფონდს. ჩემთვის გაუგებარია, რით მოხიბლა „ნიკორას“ მენეჯმენტმა, ან „ნიკორამ“, რომ მათ მოახერხეს ამ აქტივის მოზიდვა,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.