„ეს არის ფორუმი, სადაც მსოფლიო გიგანტები იკრიბებიან, საქართველო კი მათთვის უინტერესოა“ - ექსპერტები დავოსის შედეგებს აჯამებენ

„ეს არის ფორუმი, სადაც მსოფლიო გიგანტები იკრიბებიან, საქართველო კი მათთვის უინტერესოა“ - ექსპერტები დავოსის შედეგებს აჯამებენ

access_time2019-01-25 19:00:10

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 22 იანვარს დაიწყო და დღეს დასრულდა. შვეიცარიის ალპებში დაწყებული ოფიციალური შეხვედრები ზუსტად სამი დღე გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში არაერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.



პირველ რიგში, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ასევე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არაერთხელ აღნიშნა საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებას, გავრცელდა არაერთი ახალი ინფორმაცია.


ქვეყნის პრემიერი პირადად შეხვდა ლიეტუვასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს. საუბრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე გააკეთეს აქცენტი. ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების მიმართულებას მოიცავს. პრემიერის თქმით, საქართველოთი სხვადასხვა პროფილის კომპანიები დაინტერესდნენ, მათ შორის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის და ა.შ.


უფრო ზუსტად პოტენციური ინვესტორების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:


  • განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარებით დაინტერესდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ACCIONA-ს დელეგაცია არსებული შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოს მომავალ თვეს ეწვევა. ACCIONA ინფრასტრუქტურული პროექტების, განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა, რომელსაც 30 ქვეყანაში 32 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული;
  • ლოგისტიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტარეკ სულთან ალ ესამ დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს, შეასრულოს რეგიონული ცენტრის როლი;
  • საქართველოთი დაინტერესდა Agility Global Integrated Logistics-ი, ინტეგრირებული ლოჯისტიკის ლიდერი მიმწოდებელი. კომპანიას მსოფლიოს 100 ქვეყანაში 500-მდე ოფისი აქვს და 22 ათასი თანამშრომელი ჰყავს. Agility-ის წლიური შემოსავალი 4,6 მილიარდი აშშ დოლარია;
  •  მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს. ამის შესახებ ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ ჯეი კოლინსმა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა;
  •  შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის. პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ადგილად კომპანიამ საქართველო შეარჩია. კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. სწორედ ქართული თხილით აწარმოებს ის ცნობილ პროდუქტს – “რაგუსა”, რომელიც პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა; კომპანია Camille Bloch-ის არსებობის 80-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის;
  •  Signify (Philips)-ი საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება. საუბარია ქუჩებისა და ძეგლების ენერგოეფექტურ განათებაზე, რაც პირველ ეტაპზე თბილისში, შემდეგ კი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს.
  • საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა.


“2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს,“ - ასე შეაჯამა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.



“კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ დარგის სპეციალისტები წლევანდელი მსოფლიო ფორუმის შედეგებს:




ექსპერტები თანხმდებიან, რომ თავისი მნიშვნელობით ფორუმი საყურადღებოა. დადებითია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენა და ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა ნაკლებად რეალურად მიაჩნიათ თავად ის სიახლეები, რომელსაც მამუკა ბახტაძე ყოველდღიურად ავრცელებდა. მიზეზად ქვეყნის შიგნით არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება სახელდება.


„ალბათ, უფრო საინტერესოა გამოწვევებზე ვისაუბროთ. ერთიან ჭრილში რომ შევაფასოთ დავოსი, კარგი მიმართულებები გვაქვს, რა თქმა უნდა, მათ შორის ინვესტიცების მოზიდვისკენ გადადმული ნაბიჯები. თუმცა ქვეყნის შიგნით გვაქვს ამ ყველაფრის საპირისპირო მდგომარეობა. თავად ჯამური ინვესტიციების დონეც ნათლად აჩვენებს, რომ მდგომარეობა არასახარბიელოა. წლებია უკვე ერთ ნიშნულზე ვართ და არ ვმოძრაობთ. ამასთან, ხელისუფლების მხრიდან ისმის მუდმივი რიტორიკა; იღებს სხვადასხვა რეგულაციას და უკვე შექმნილი ეკონომიკური დოვლათის გადანაწილებაზე საუბრობს. ე.ი. რაღაც ახალი არ იქმნება და ყურადღება სხვა ფაქტორებზე მახვილდება. მსგავს სიტუაციაში რთულია რეალურად ინვესტორი დააინტერესო. მით უმეტეს ის ხომ აუცილებლად შეეკითხება სხვა უცხოელს, ვინც უკვე საქმიანობდა საქართველოში?! - არამგონია სახარბიელო ინფორმაცია შეაგროვოს,“ - განმარტავს ეკონომისტი გიორგი პაპავა.


გიორგი პაპავას მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილის. მისი თქმით, დღეს საქართველოში პოლიტიკური თემებია მთავარი განსახილველი, შესაბამისად, ეკონომიკისთვის ხელისუფლება ნაკლებაც იცლის. წინა წლების გამოცდილების გათვალსწინებით კი, თავად  დავოსის ეკონომიკურ ფორუმს, მისი თქმით, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.


„ზოგადად დავოსის ფორუმის გამოცდილება ჩვენთვის დიდად სახარბიელო არ არის. როგორც წესი, ხელისუფლება გაუგებარ კოშკებს გვიგებს, მაგრამ მხოლოდ თეორიულ დონეზე. ეს არის ფორუმი, სადაც მსოფლიო გიგანტები და ვეშაპები იკრიბებიან,  საქართველო კი მათთვის უინტერესოა. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესის ნაწილს, კარგია შოკოლადის ქარხანა, მაგრამ რამდენი ინვესტიციაც პრემიერმა გაავრცელა, იქიდან ერთი მაინც თუ გამოვა, უკვე კარგია. ზოგადად გარკვეულმა კომპანიებმა რომ დაინტერესება გამოხატეს, ეს ზრდილობის ამბავიცაა და საერთოდ არ ნიშნავს თანხმობას. შესაბამისად, დავოსისგან, როგორც სხვა წლებში, წელსაც რაიმე განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, “ - განმარტავს ხუხაშვილი


გამოსავალს დარგის სპეციალისტები ბიზნესისა და ინვესტიციების სახელმწიფოსგან გამოყოფაში ხედავენ. 


„პირველ რიშგი, დღეს საქართველოში დომინანტია პოლიტიკური მოვლენები, ვიდრე ეკონომიკური და ეს შესაბამისად აისახება ჩვენს გარემოზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესის განვითარებაში ძირითადად სახელმწიფო პირდაპირი ჩარეულია, რასაც საერთაშორისო ინვესტორები არასდროს არ მიესალმებიან. როგორც წესი, კერძო სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, დისტანცირებული იყოს სახელმწიფო პროექტებისგან. ამიტომაც რთულია ამ ქვეყანაში ბიზნესის და ეკონომიკის განვითარება“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.


„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყნის შიგნით, რას იტყვის და რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, როგორი ეკონომიკური გარემოა ქვეყანაში. გამოსავალსაც ამაში ვხედავ. სხვა შემთხვევაში სკეპტიკურად ვუყურებ დავოსის ფორუმზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას. კარგი იქნება, სახელმწიფოს მეტი კომუნიკაცია თუ ექნება ზოგადად ბიზნესთან,“ - ამბობს გიორგი პაპავა.


შეგახსენებთ, დავოსის ეკონომიკური ფორუმი 22 -24 იანვარს შვეიცარიის ალპებში გაიმართა. 2019 წლის შეხვედრებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.  პრემიერმა პანელზე Eurasia in a New Global Contex-ზე  სიტყვით გამოსვლისას  უცხოელ პარტნიორებს გააცნო იმ რეფორმათა პაკეტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გეგმავს. ასევე, მან მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. 



სალომე ლემონჯავა




გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება
access_time2020-02-17 13:30:48
დღეიდან სილქნეტის ოტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება: ტელევიზია:  239 არხი - პაკეტი  პრემიუმ + ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  - პაკეტი  Formula 1 აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონში -თვეში 34 ლარს 1 წლის ვადით.  ...

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
access_time2020-02-17 12:55:19
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია. შეხვედრის ფარგლებში...

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
access_time2020-02-17 13:29:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია...

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს
access_time2020-02-17 16:00:53
შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს. „ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია...


მსგავსი სიახლეები

up