„წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანსა და გუდაურში უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას ამ მიმართულებით მეტი პრევენციული მუშაობა მართებდა. გახარიას განცხადებით, 2020 წელი უნდა დაეთმოს იმას, რომ მომდევნო სეზონზე მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს.
„მოგეხსენებათ, რომ იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების თვალსაზრისით როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში და აქ ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო. იმის მიუხედავად, რომ დღეს ზუსტად ვიცით როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები, ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა. გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური. 2020 წელი უნდა დავუთმოთ სრულად იმას, რომ ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე განცხადებით, პრობლემები ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი, თუმცა მუშაობა მიდის. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად მოგვარდება.