შპს Smart Logistics-ი პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოში არსებულ Mcdonalds-ის ობიექტებს ბოსტნეულით ამარაგებს.
დღესდღეობით - ეს პროდუქტი მხოლოდ სალათის ფურცელი „აისბერგია“, რომელზეც კომპანიამ GlobalG.A.P.-ის სერთიფიკატი მოიპოვა. ამასთან, Smart Logistics-ის ხელმძღვანელების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში Mcdonalds-ისთვის მიწოდებულ პროდუქციას სხვა სახის ბოსტნეულიც დაემატება.
Smart Logistics-ის მფლობელობაში მცხეთის რაიონში მდებარე 6 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია, რომელზეც კომპანიას სალათის ფურცელი, პომიდორი, კიტრი და ხახვი მოჰყავს.
„Mcdonalds-ის სტანდარდები ძალიან მაღალია. პირველადი პროდუქტების მიმწოდებლებისთვის ამ ქსელის მოთხოვნა GlobalG.A.P.-ის სერტიფიკატის არსებობაა. ჩვენ დასახმარებლად USAID-ს მივმართეთ, რომელმაც ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაგვიწია. გადავწყვიტეთ დაგვეწყო სალათის ფურცლით და სერთიფიკატის აღებისთანავე პროდუქცია მაკდონალდსში შევიტანეთ. მინდა აღვნიშნო, რომ GlobalG.A.P.-ის ყველა მოთხოვნას, ასევე მაკდონალდსის ყველა სტანდარტს, რომელთა რაოდენობა 250-ს აღწევს, ვაკმაყოფილებთ.
ასევე, მცხეთაში ჩვენს მიერ მოყვანილი ბოსტნეულისთვისაც ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეგროვებული გვაქვს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო აუდიტის ჩამოსვლას ხელი შეუშალა. ვფიქრობთ, ეს პროცესი წლის ბოლომდე დამთავრდება. ამის შემდეგ, ჩვენ Mcdonalds-ს პომიდორს, კიტრს და ხახვს შევთავაზებთ“, - აცხადებს Smart Logistics-ის დამფუძნებელი ლევან ტრაპაიძე.
ლევან ტრაპაიძის ინფორმაციით, GlobalG.A.P-ის სერთიფიკატი კომპანიებს ევროპულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს.
წყარო east-fruit.com
მოამზადა ანი ცარციძე