„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არ აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ვალუტის გაუფასურებასთან, რაც მცდარია“ - თემურ ბასილია

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არ აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ვალუტის გაუფასურებასთან, რაც მცდარია“ - თემურ ბასილია

access_time2020-12-23 11:20:07

პანდემიური 2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ, ასევე ეროვნულმა ბანკმა არაერთი ნაბიჯი გადადგეს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით. ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ 2020 წელს აფასებს და საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს.

 

თემურ ბასილია მთლიანობაში დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას საბიუჯეტო (ფისკალური) და ფულად-საკრედიტო (მონეტარული) პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა აღნიშნავს, რომ  აგვისტოში ბიზნესის გახსნა და რეგულაციების შემსუბუქება შეცდომა იყო. მისი აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ სავარაუდოდ ძალიან დიდი იყო ტურიზმის ლობის ზეწოლა.

 

„2020 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას საბიუჯეტო (ფისკალური) და ფულად-საკრედიტო (მონეტარული) პოლიტიკის მიმართულებით მთლიანობაში დადებითად შევაფასებდი. მიმდინარე წელი საკმაოდ მძიმე იყო პანდემიის გამო, რამაც გავლენა იქონია ყველა სფეროზე. ყველა დადგა ისეთი ალტერნატივის წინაშე, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო არა კარგსა და უკეთესს ეკონომიკურ პოლიტიკას შორის, არამედ მოეძებნათ გამოსავალი და გაეტარებინათ ის ღონისძიებები რომლებიც თავიდან აგვაცილებდა ყველაზე უარეს სცენარს. ამიტომაც, რათა შემცირებულიყო ვირუსის გავრცელება, ყველა ქვეყანამ დააწესა სხვადასხვა შეზღუდვები და ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ცხადია, ამ შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე, რის გამოც წინასწარი მონაცემებით ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდება. პანდემიის პირობებში, პირველი თვეების განმავლობაში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, ძირითადად საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო. თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით ლარი 5.4%-ით გაუფასურდა. ამ ყველაფერს თან დაერთო სამხედრო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, რამაც ასევე უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოზე.

 

გარწმუნებთ, რომ არა ხელისუფლების საკმაოდ გამართული საქმიანობა, მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნებოდა. მთავრობამ ასევე, საკმაოდ კარგად იმუშავა საერთაშორისო ორგანიზიებთან და დონორებთან, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საკმაო მოცულობის ფინანსური დამხარების მიღება. ამან კი, შესაძლებელი გახადა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მეტ-ნაკლებად შენარჩუნება და მოსახლეობის ფინანსური დახმარება. ასევე, უნდა აღვნიშნო ამ სფეროში ქართველი ემიგრანტების წვლილი: რომ არა მათ მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან გაძნელდებოდა.

 

ერთადერთი, რაზეც არ დავეთანხმებოდი, აგვისტოში ბიზნესის გახსნა და რეგულაციების შემსუბუქება გახლავთ. როგორც ჩანს, ძალიან დიდი იყო ტურიზმის ლობის ზეწოლა. სამწუხაროდ, დაინფიცირებულთა მკვეთრად ზრდა სწორედ აგვისტოს შემდეგ დაფიქსირდა; ამან ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე“,- აცხადებს თემურ ბასილია.

 

ფინანსისტი ეროვნული ბანკის საქმიანობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ პრობლემა  ფუნდამენტურია, რადგან  ეროვნული ბანკის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან, რაც მცდარი მოსაზრებაა. თემურ ბასილია ყოველთვის ურჩევდა როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობასა და პარლამენტს, რომ გაცილებით უმჯობესია „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ საეჭვო დღის წესრიგის ნაცვლად შეიმუშაონ და განახორციელონ სტაბილური, საყოველთაო წესებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა.


 

„ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოების დიდი ზეწოლის შედეგად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, უცხოური რეზერვების გაყიდვა და შესაბამისად, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის შემცირება. სამწუხაროდ, ამას დიდი შედეგი არ მოაქვს, რადგან ერთის მხრივ, ეროვნულ ბანკს მიმოქცევიდან ამოაქვს ლარის გარკვეული მასა, თუმცა, მეორე მხრივ, გაცილებით მეტი რაოდენობის ლარს უშვებს მიმოქცევაში, მათ შორის, ბანკებისთვის ე.წ. „რეფინანსირების სესხების“ გაცემის ფორმით...

 

მოკლედ გეტყვით, რომ პრობლემა არის ფუნდამენტური; კერძოდ, ეროვნული ბანკის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან...  ეს მოსაზრება გახლავთ მცდარი: არც ერთ მეტ-ნაკლებად სერიოზულ ეკონომისტს ასეთი უპასუხისმგებლო, არაპროფესიული და არაკომპეტენტური განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, ვინც ამ მოსაზრებაზე საუბრობს გახლავთ ე.წ. „თანამედროვე მონეტარული თეორიის“ (Modern Monetary Theory - MMT) წარმომადგენლები და ამ მოსაზრებას იზიარებენ უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის ხარჯების უკონტროლო ზრდას. როგორც ცნობილია, მთავრობის ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტის მეშვეობით, რომლის შემოსავლები ყალიბდება გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებით, მთავრობის მიერ აღებული სესხით ან ფულის ბეჭდვით. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეები აცხადებენ, რომ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საკუთარი ვალუტა, შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მათ სჭირდებათ სახელმწიფო ვალდებულებების დასაფარად. მათი აზრით ასევე, მთავრობებს არ სჭირდებათ მეტი გადასახადები, რადგან ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ ეროვნული ვალუტა, ყოველთვის შეუძლიათ ამ ვალუტის/ფულის ბეჭდვა თავიანთი ვალდებულებების დასაფარად. შესაბამისად, მათი აზრით მთავრობამ შეიძლება არ შეზღუდოს ბიუჯეტის ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი და დაგროვილი დავალიანება, მათი აზრით, აღარ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთათვის ტვირთის დაწესების პრობლემას.

 

როგორც ვხედავთ, „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეები, სამწუხაროდ, მათ რიგებში არიან საქართველოს ეროვნული ბანკის „ახლებურად მოაზროვნე“ დღევანდელი ხელმძღვანელები, ეყრდნობიან, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ საეჭვო მოსაზრებებს ინფლაციის მიზეზებისა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შესაბამის როლზე. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეების დღის წესრიგი, რომლის თანახმად ფისკალურ ორგანოებს შეუძლიათ მართონ მონეტარული პოლიტიკა, წარმოშობს საფრთხეს, რადგან ეს იწვევს ძალიან მაღალ დავალიანებას, ინფლაციას ან ორივეს ერთად. ეს კი, ძალიან საზიანო გახლავთ მთლიანად ეკონომიკისთვის. ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის ვურჩევდი როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობასა და პარლამენტს, რომ გაცილებით უმჯობესია „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ საეჭვო დღის წესრიგის ნაცვლად შეიმუშაონ და განახორციელონ სტაბილური, საყოველთაო წესებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა“, - განმარტავს თემურ ბასილია.

 

თემურ ბასილიამ კრიტიკულ ზღვარზე მიახლოებულ სახელმწიფო ვალზე საუბრისას განმარტა, რომ 2021 წლის ბოლოს ვალი 30.5 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 56% იქნება და დაშვებულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს მიუახლოვდება.

 

„სამწუხაროდ, სახელმწიფო ვალი უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს - მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს. პანდემიის დაწყებამდე საგარეო ვალი მეტ-ნაკლებად სტაბილურად გამოუყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაინც მაღალი დონეზე იყო. სამწუხაროდ, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მასზეც: ქვეყანას სჭირდებოდა უცხოური ფინანსები რათა გამკლავებოდა ახალ პრობლემებს. მართალია, ამ უცხოური ფინანსების დიდი ნაწილი გრანტების სახით იყო, თუმცა, მისი საკმაო ნაწილი სესხები გახლდათ, მართალია შეღავათიანი, მაგრამ მაინც სესხები.

 

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს მთავრობა 3.2 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.6 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. ანუ, რეალურად ახალი ვალის აღება ხდება ძველი ვალის დაფარვის მიზნით. მთლიანობაში, 2021 წლის ბოლოს ვალი 30.5 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 56% იქნება და დაშვებულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს მიუახლოვდება.

 

ასევე, მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციების დაფარვას გეგმავს. შეგახსენებთ, ეს ის 500 მილიონი ევრო გახლავთ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა აიღო რომლითაც ჯერ თითქოსდა გაზსაცავი უნდა აშენებულიყო, შემდეგ ე.წ. მომავლის ფონდი უნდა შექმნილიყო; საბოლოოდ კი, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია რაში დაიხარჯა იგი. სამწუხაროა, რომ ამ სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებრივ საქმიანობაზე დღემდე არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული“, - აღნიშნავს თემურ ბასილია.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up