ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით $4.101 მლრდ შეადგინა, რაც იანვრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელოდ $0.3 მლნ-ითაა შემცირებული, გასული წლის მარტთან შედარებით კი $702 მლნ-ითაა გაზრდილი.
რეზერვების 95% - $3.895 მლრდ უცხოურ ვალუტაშია კონვერტირებული, 5% კი სპეციალურ სესხის უფლებას წარმოადგენს. თავის მხრივ უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული რეზერვების 61%-ზე მეტი - $2.388 მლრდ ფასიან ქაღალდებში დენომინირებული, $1.506 მლრდ კი ნაღდი ფულის სახითაა წარმოდგენილი. ოქროს რეზერვი 2021 წელსაც 0-ს შედგენს.
რეზერვების მოცულობა ბოლო 20 წელიწადში 3180%-ით, ბოლო 15 წელიწადში 750%-ით, ბოლო 10 წელიწადში 51%-ით, ბოლო 5 წელიწადში კი 67%-ით გაიზარდა.
2020 წელს სებმა 26-ჯერადი სავალუტო ინტერვენციის შედეგად $873 მლნ გაყიდა, წელს აუქციონი სულ 50ჰერ გაიმართა და $188 მლნ გაიყიდა. ამის მიუხედავად 31 დეკემბრის შემდეგ რეზერვების მოცულობა $191 მლნ-ით, გასულ წელს კი $405 მლნ-ით გაიზარდა. 2020 წლის იანვრიდან დღემდე სებმა სულ $1.061 მლრდ გაყიდა და სანაცვლოდ დოლარი არ უყიდია, თუმცა რეზერვები მაინც $596 მლნ-ით გაზარდა. აღნიშნულის მიზეზი გაზრდილი საგარეო ვალია. უცხოური კრედიტები ჯერ ეროვნული ბანკის ანგარიშზე თავსდება და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებს მთავრობა კონკრეტული საჭიროებების მიხედვით.
რეგიონში ყველაზე მეტი - $573 მლრდ-იანი რეზერვი რუსეთს გააჩნია,მეორე ადგილზე - $93 მლრდ-ით თურქეთია. აზერბაიჯანი $7.5 მლრდ-ის რეზერვებს ფლობს, სომხეთი - $2.4 მლრდ-ს. $3.2 ტრლნ-ით კი მსოფლიოში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს.