ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა

access_time2020-05-20 13:27:57

ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების დათვლა და მასთან გამკლავება ქართულ ბიზნესს კიდევ დიდხანს მოუხდება. ყველა ერთიანია მოსაზრებაში, რომ კრიზისიდან მინიმალური ზიანით გამოსასვლელად აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინირებული მოქმედებები, ერთმანეთის საციცოცხლო საჭიროებებისადმი ანგარიშის გაწევა და თანმიმდევრულობა მოქმედებებში.

ლარის გაცვლითი კურსის მოკლე დროში საგრძნობმა მერყეობამ (2.8 -იდან 3.6 მდე და უკან 3.2-მდე) პანდემიისგან რეტდასხმული ბიზნესი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ კურსის სტაბილურობა ეროვნული ბანკის პირდაპირი მანდატი არ არის, ქართული ბიზნესი მაინც მას მიიჩნევს მთავარ დამნაშავედ, რამდენადაც მერყევმა გაცვლითმა კურსმა, იმპორტდამოკიდებულ საქართველოში, ფასების სტაბილურობაზე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა და ეროვნული ბანკის უშუალო მანდატს – ინფლაციის მართვას, კარზე მოურიდებლად დაუკაკუნა. ეს კაკუნი იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ საპასუხოდ ბიზნესმაც დაუკაკუნა ეროვნულ ბანკს და ახლა საზოგადოებას უხდება უცქიროს, როგორ არ ენდობა ეკონომიკის რეალური სექტორი საქართველოს ეროვნულ ბანკს. ბუნებრივია, ამას უცქერს (ვერ ვიტყოდით, რომ სიმშვიდით) ოცნების ხელისუფლებაც.

ქვემოთ, ბოლო პერიოდში ქართული ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლების იმ მოსაზრებებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც ზემოხსენებულ განწყობებს კარგად ასახავს.

ბიზნესმენთა ყველაზე მსხვილი გაერთიანების, „ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, რომელიც ლამის 30 წელია ბიზნესშია პირდაპირ აცხადებს, რომ ლარის დევალვაცია ბიზნესს კლავს.

მისი თქმით, ლარის კურსი იყო 2.8 და გახდა 3.2. ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი და შოკები ამპლიტუდა დიდია“, ფხაკაძე თვლის, რომ მოცემულ კრიზისულ სიტუაციაში მთავარია ლიკვიდობის მართვა, რათა კომპანიები გადარჩნენ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს ბიზნესის მაჯისცემასთან, ამბობს, რომ ძალიან ბევრ ბიზნესს სერიოზული პრობლემები აქვს.

„ბიზნესს დათვლილი ჰქონდა, რომ უნდა გაესტუმრებინა ვალდებულებები 2.9-3.0-ის ფარგლებში, მოუწიათ დოლარის შეძენა უფრო ძვირად. რიგ კომპანიებს 3.5-ის ფარგლებშიც კი. საკმაოდ დიდი ზარალი ნახეს“, – აღნიშნავს ჭყონია, რომელიც მიიჩნევს, რომ კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს და მან სხვა ბერკეტებიც უფრო ქმედითად უნდა გამოიყენოს.

ქართული წარმოების ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი, ცეზარ ჩოჩელი, რომლის ზურგს უკანაც რამდენიმე მსხვილი საწარმოს ისტორიაა, მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება და მისი მოუქნელი, წინ და უკან სიარული, ანგრევს ზოგადად ბიზნესს,  წარმოებას განსაკუთრებით.

„ეროვნული ბანკი გვეუბნება, რომ მიმდინარეობს დედოლარიზაციის პოლიტიკა და რომ პრიორიტეტი ლარიზაციაა. მეტ-ნაკლებად ბიზნესმა და მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა ამ პროცესის და რა მივიღეთ შედეგად, – 14-15 და მეტ პროცენტიანი ბიზნესსესხები ლარში. იძულებული ვხდებით უკან დავუბრუნდეთ დოლარს და აქ მეორე წინააღმდეგობას ვაწყდებით. დოლარში პროცენტი ნაკლებია, მაგრამ კურსის პროგნოზირების შანსი, ფაქტობრივად ნულის ტოლია. ეროვნულმა ბანკმა ბიზნესი ორ ცეცხლს შუა ჩააგდო“, – აღნიშნავს ჩოჩელი და იქვე ამატებს, რომ გასაგებია, როცა აპელირებენ, რომ ეროვნული ბანკის მანდატი არ არის ვალუტის გაცვლითი კურსი და მის სტაბილურობაზე ზრუნვა და რომ მისი ამოცანა ინფლაციის მართვა და ფასების სტაბილურობაა, მაგრამ გაუგებარია, რატომაა სიჩუმე და უმოქმედობა მაშინ, როცა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის და ლარის მუდმივად გაუფასურების გამო იმპორტი ძვირდება და როცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის პირდაპირ მანდატზე – ფასების სტაბილურობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება?!.

უარყოფითად აფასებს მიმდინარე პროცესებში ეროვნული ბანკის როლს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილი. მისი თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი პირდაპირ მიუთითებს ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის თაობაზე.

„ყველა ბიზნესმენისთვის და საქართველოში მოქმედი ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის მთავარ გამოწვევად გადაიქცა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი, მისი ძალიან მყიფე მდგომარეობა და მისი მუდმივი დევალვაცია, მისი მუდმივი გაუფასურება ამერიკულ დოლართან, ევროსთან თუ სხვა მყარ ვალუტებთან მიმართებით. დღეს კვლავ ამ გამოწვევის წინაშე ვართ, ბევრად უფრო ცუდი ნიშნულით, ვიდრე კრიზისამდელ პერიოდში, როდესაც  2.9-ზე  დაფიქსირდა კურსი. დღეს კი 1 აშშ დოლარი დაახლოებით 3.20 ლარად ივაჭრებს. აქედან გამომდინარე,შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ“, – ამბობს ბიზნესმენი.


ქართული წარმოების კიდევ ერთი წარმომადგენლის, „საქკაბელის“ მმართველი პარტნიორის ედიშერ მამალაძის აზრით, იმ ბერკეტებით, რაც აქვს ეროვნულ ბანკს, მან არამარტო ფასების რეგულირება, არამედ სავალუტო რისკებისა და კურსის დაზღვევაც უნდა შეძლოს.

„თუ ეროვნული ბანკი იტყვის, რომ მე ფასებზე ვარ მხოლოდ პასუხისმგებელიო, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხივითაა – ქვეყანა, რომელიც არის იმპორტდამოკიდებული, რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ლარის კურსის გაქცევის შემთხვევაში, ხვალ-ზეგ ფასებიც გაიქცევა. ყველაფერი გადახურდავდება მაინც ევროში და დოლარში. ალბათ, უმჯობესია ეროვნულ ბანკს ფუნქცია დაუბრუნდეს, რომ ლარის სტაბილურ გაცვლით კურსზეც იყოს პასუხისმგებელი. დღეს, ასე ვთქვათ, ლარი არის უპატრონოდ. ეროვნული ბანკი იძახის, რომ ჩემი საქმე არაა, ფინანსთა სამინისტრო იძახის, რომ ჩემი საქმე არაა. არავის საქმე არ გამოდის. ეს ეტყობა კიდეც ჩვენს ლარს“, – აღნიშნავს ბიზნესმენი, რომელიც ასევე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეთავაზებას, რომელმაც ბიზნესს სესხების ჰეჯირებისკენ მოუწოდა. მამალაძე აღნიშნავს, რომ მაღალი კურსის გამო, ბანკებს ჰეჯირებისთვის დიდი საპროცენტო განაკვეთი მიაქვთ და შესაბამისად, ლარში სესხი მეწარმისათვის უინტერესო ხდება.

ლარის გაუფასურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას და მათში ეროვნული ბანკის როლის შეფასებისას ხისტია ბიზნესმენი, ბრენდული მაღაზიების მსხვილი ქსელის მფლობელი კახა ხაზარაძე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ნაბიჯები და რეგულაციები მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

„ინტერვენციების, მათი ანონსირების და საერთოდ განხორციელების პოლიტიკა, ის, რომ წინასწარ განაცხადო 20-40 მილიონი დოლარის გაყიდვაზე, ეგ კურსის სტაბილურობას და ინფლაციის მართვას ხელს არ შეუწყობს. არანაირი სწორი გეგმა დ სტრატეგია არ არსებობს, სიტუაცია ერთდღიანი ნაბიჯებით არ უნდა რეგულირდებოდეს. გაცვლითი კურსის მერყეობა იგივე რითეილს და საერთოდ, მთელ ეკონომიკას პრობლემას უქმნის, იმიტომ რომ უარყოფითი ბალანსი გვაქვს, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ეს ნეგატიურად აისახება ფასებზე“, – მიაჩნია ხაზარაძეს.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელს რევაზ ვაშაკიძეს, რომელიც „ბიუ-ბიუს“ ბრენდით საქართველოში ქათმის ხორცის პროდუქციას აწარმოებს, მიაჩნია, რომ ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის ცუდია, როცა ეროვნული ვალუტა არის სუსტი და თან ეს სუსტი ვალუტა კიდევ უფასურდება.  ვაშაკიძეს ყველაზე მეტად საქართველოს იმპორტდამოკიდებულება აშფოთებს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დებულებით ეროვნულ ბანკს ინფლაციაზე პასუხისმგებლობა აკისრია და არა კურსის სტაბულურობაზე,  საქართველოში, ძირითადად, არ ხდება რაიმეს წარმოება, ვალუტის გაუფასურების პროცესი კი შესაბამისად, პირდაპირ დამოკიდებულებაში გადადის ინფლაციასთან.

ლარზე, კურსის არასტაბილურობაზე და მისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებსა და მოლოდინებზე საუბრისას, ჩვეული პირდაპირობით გამოაქვს ვერდიქტი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელს, თემურ ჭყონიას, რომელსაც დიდი ბიზნესის კეთების რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. ის პირდაპირ ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა.

“არა მარტო მე, იმ უამრავ ბიზნესმენს, რომელთაც ვიცნობ და ვესაუბრები, ჩვენ გვაკლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ნდობა”, – ამბობს ჭყონია. 

მისი შეფასებით, არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ მის მიღმაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია.

“ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ არის მიმართული ბიზნესის განვითარებისთვის. სებ-ი თავის მონეტარულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ბიზნესის განვითარებასთან თანხვედრაში არ არის.

სებ-ის პრეზიდენტს თავისი ვალდებულება აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, რა აქვს და რომელიც ბიზნესთან ურთიერთობაში კავშირში საერთოდ არ არის. სამწუხაროდ, სებ-ის პრეზიდენტს ეს არც აინტერესებს, ბიზნესს რაიმე უჭირს, თუ – არა. მე არც ვიცი, რა როლი აქვს მას ეკონომიკაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ატარებს თავის პოლიტიკას, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. რას ვგულისხმობ? – გრძელვადიან, ერთწლიან პროგრამას ვერ ვადგენთ ჩვენ. სებ-ის პრეზიდენტი ბიზნესს აჩვევს და მას ასე ჰგონია, რომ აჩვევს, რომ სხვადასხვა კურსი არის სტაბილური – ჯერ 2.80 ლარი (1 აშშ დოლარის ღირებულება) რომ იყო და 3.00 გახდა, თქვა, რომ ჩვენ დავუბრუნდებით სტაბილურობას. და სტაბილური რომელი ციფრია, არ ვიცით. რა არის ეს სტაბილურობის მაჩვენებელი?

ნდობის ფაქტორია უმნიშვნელოვანესი და ეს არ არსებობს. 35 წელია ბიზნესში ვარ, საქართველოს ყველა ბიზნესმენს ვიცნობ და ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და არის ერთი რამ, – სებ-ის პრეზიდენტს არ ენდობა ქართული ბიზნესი, იმის გამო, რომ ის ბიზნესის განვითარებას ხელს ეს არ უწყობს”, – ამბობს თემურ ჭყონია.

იმაზე, რომ ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველი იყოს, უკვე პირდაპირ საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

სსფ აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციის მოლოდინების შესაბამისად უნდა წარიმართოს. “მონეტარული პოლიტიკა უნდა დარჩეს მოქნილი და ეფუძნებოდეს ინფლაციის ტენდენციებს. მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან იგი შოკის მშთანთქმელ როლს ასრულებს. თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს, – აღნიშნულია ანგარიშში.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up