COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს საკუთარი რეზერვებიდან 450 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა, ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურება ამ ნაბიჯებმა მაინც ვერ შეაჩერა. პირიქით, ჯამურად ლარი დოლართან მიმართებაში სექტემბერში თითქმის 7%-ით გაუფასურდა.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკის ინტერვენციას სავალუტო ბაზარზე მიმდინარე გაცვლითი კურსის მოძრაობის წარმართვისთვის არ აქვს არსებითი ზეგავლენა. ამის მაგალითად ლევან სურგულაძეს The Bank for International Settlements (BIS) -ის კვლევა მოჰყავს, სადაც მიმოხილულია სხვადასხვა წამყვანი მკვლევარების შედეგები საკითხზე, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს (განვითარებადი) ქვეყნის ეროვნული ბანკის ინტერვენციას სავალუტო ბაზარზე. კვლევაში მთავარი დასკვნა, იმაში მდგომარეობს, რომ ინტერვენციებს შეიძლება ჰქონოდათ არასასურველი ანუ უკუეფექტი გაცვლითი კურსის მოლოდინებზე. ფინანსისტი ამბობს, რომ შესაძლოა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს, სწორედ მსგავსი უკუეფექტი ჰქონდეს ლარის კურსთან მიმართებაში.
„ინტერვენციებით არასოდეს არ ებრძვიან სისტემურ ტრენდს და ჩვენ ახლა სწორედ სისტემური ტრენდი გვაქვს, რადგან უფრო მეტ ვალუტას ვხარჯავთ, ვიდრე გამოვიმუშავებთ და ამ განხვავების დაფინანსებას ეროვნული ბანკი თავისი რეზერვების გამოყენებით აკეთებს. მას შეუძლია გააკეთოს ეს რაღაც ეტაპამდე, თუმცა როდესაც რეზერვები გაუთავდება ძალიან ცუდად ექნება საქმე, ამიტომ ამას როგორც წესი არ აკეთებენ. ინტერვენციები მისაღებია მხოლოდ მაშინ, თუ ბაზარზე გაჩნდა უეცარი, აჟიოტაჟური და ირაციონალური მოთხოვნა. ეროვნული ბანკი ზის სავაჭრო მოედანზე, უყურებს ამ სიტუაციას და მხოლოდ მსგავს შემთხვევაში უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა, იმისათვის რათა მკვეთრი რყევები აიცილოს, როდესაც ეს არის ტრენდი და იგი პრაქტიკულად ამ ინტერვენციებით ლარის მცურავ კურსს ებრძვის, ეს არასწორია. ლარის მცურავი კურსის დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ მან გაიწოვოს სისტემური პრობლემები. დღეს პრობლემა არის სისტემური და ეკონომიკური ხასიათის, ამიტომ ახლა მასთან რეზერვებით ბრძოლა უბრალოდ ამ ფულის არამიზნობრივად ხარჯვაა. არსებობს მნიშვნელოვანი კვლევები, რომელიც აჩვენებს რომ ასეთმა ინტერვენციებმა შესაძლოა უკუეფექტიც კი გამოიწვიოს, მაგალითად გამოვიდა ეროვნული ბანკი, გაყიდა 40 მლნ და ლარი კი არ გამყარდა, არამედ გაუფასურდა, სწორედ ეს არის ნაჩვენები The Bank for International Settlements (BIS)-ის კვლევაში. ანუ მოლოდინები განისაზღვრება ფუნდამენტალური გარემოებებით და არა იმით თუ რა ინტერვენციებს განახორციელებს სებ-ი, ამიტომ ეროვნული ბანკის მსგავსი ნაბიჯებით ლარის კურსის იგივე „უკუღმა“ რეაქციას ხომ არ ვხედავთ ბოლო დროს?“ - აცხადებს ლევან სურგულაძე.