„ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან...“

„ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან...“

access_time2018-01-03 17:00:34

წლის მიწურულს დენიც გაძვირდა და წყალიც. აისახება თუ არა ტარიფების ზრდა სამომხმარებლო ფასებზე? - ახლა ეს შეკითხვა აწუხებს მოსახლეობას, რომელსაც გაზრდილი ტარიფების გადახდა უკვე ახალი წლიდან მოუწევს. ფასების ზრდის მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ მოსახლეობის შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება. ხელფასი უნდა ეყოს კაცს თუ კაცი ხელფასს? - ეს შეკითხვა, სამწუხაროდ, აქტუალურობას არ კარგავს, რისი მიზეზიც რეალობაა, რომელიც ხშირად სულაც არ ჰგავს ოფიციალურ სტატისტიკას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გაცილებით უარესია. როგორ გამოიყურება 2017 წელი ეკონომიკური მოვლენების ჭრილში და რას უნდა ველოდოთ მომავალ 2018-ში, პროფესორ ლადო პაპავასთან ერთად ვსაუბრობთ.


ლადო პაპავა: - ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია - სამომხმარებლო კალათში შედის წყალიც, ელექტროენერგიაც და სხვა კომუნალური მომსახურებაც, შესაბამისად, თუ ტარიფი იზრდება, ის აისახება საერთო მაჩვენებელშიც იმ წილით, რა წილითაც არის წარმოდგენილი სამომხმარებლო კალათში და ის უშუალოდ ინფლაციაზე აისახება; ხოლო რამდენით გაიზრდება ყოველი ოჯახის დანახარჯი გაზრდილი ტარიფის გამო, ამას შესაძლოა მხოლოდ გასაშუალოებული მაჩვენებელი მივუსადაგოთ. არ არის გამორიცხული, გაზრდილი ტარიფის გამო ოჯახებმა ერთი პროდუქტის ნაცვლად მეორე მოიხმარონ. ყველაზე მთავარია, ვთქვათ, რით არის ეს განპირობებული. ერთი წამითაც არ შემაქვს ეჭვი, რომ მარეგულირებელი კომისია და მისი აპარატი კომპეტენტური ადამიანები არიან, მოქმედებენ კანონიდან გამომდინარე და უნდა ვივარაუდოთ, რომ გაანგარიშებული ტარიფები და მიღებული გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად სწორია. როცა ინვესტორი ამბობს, რომ მან უნდა დააბანდოს ელექტრო- თუ წყალმომარაგების კომპანიაში ინვესტიცია, რა კურსით უნდა გაანგარიშდეს ლარი-დოლარი? როცა ლარის კურსი განიცდის არაპროგნოზირებად რყევას და როცა ქვეყანაში არ არსებობს ლარის კურსზე არც ერთი პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, ინვესტორმა როგორ მოახდინოს ბიზნესის პროგნოზირება. წყლისა და დენის საფასურს ჩვენ ლარში ვიხდით, ხოლო ინვესტორმა ლარი დოლარში უნდა გადაახურდაოს, რათა განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიები შემოიტანოს. დღეს არ ვიცით, რა იქნება ერთი-ორი წლის შემდეგ, მაგრამ მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ჩამოყალიბდა. ეს კი, უწინარეს ყოვლისა, იმის ბრალია, რომ ეროვნული ბანკი, ვინც არის ამაზე პასუხისმგებელი, ამბობს, რომ მას ეს თემა არ ეხება.


- იმის თქმა გსურთ, რომ დღეს ტარიფებს პოლიტიკური ფასი აქვს?


- არა მხოლოდ ტარიფებს, დღეს ლარსაც პოლიტიკური ფასი აქვს, რომელიც დოლარშია გამოხატული. ეს ყველაზე მთავარი პოლიტიკური ფასია და აქედან გამოდის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.


ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან, რაშიც მას, სამწუხაროდ, კანონიც ხელს უწყობს. ლარის მშობელი ეროვნული ბანკია და არ შეიძლება ხელი დაიბანოს იმაზე, რაც მოსდის ლარს.


თუ ეროვნული ეკონომიკა გაძლევს სიგნალს, რომ ლარი ვერ იქნება სტაბილური და ის უნდა გაუფასურდეს, ეროვნულმა ბანკმა ის ხელოვნურად არ უნდა დაიჭიროს, მაგრამ ეს უნდა იყოს არა ლარის ზემოთ-ქვემოთ ხტუნვით, არამედ უნდა განხორციელდეს თანდათანობითი, პროგნოზირებადი პროცესი და მაშინ ბიზნესიც, მოსახლეობაც ამას მეტ-ნაკლებად შეეგუება. თანაც ნახეთ, როდის ხტუნაობს ლარი, წინასაახალწლო პერიოდში, ადრე, ამ დროს მაინც სტაბილურად ლარის გამყარება გვქონდა ხოლმე.


- ფაქტია, ცხოვრება წლიდან წლამდე ძვირდება, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის შემოსავლებიც იზრდება და თუ ვახერხებთ, რომ გაზრდილი შემოსავლები გაზრდილ ხარჯებს ვამყოფინოთ?


- ყოველთვის შეიძლება სტატისტიკით მანიპულირება და ცუდია, როცა სტატისტიკური კვლევები და სტატისტიკის სამსახური პოლიტიკურ წნეხში შეიძლება იყოს. ბევრი კარგი პროფესიონალი მუშაობს საქსტატში, მაგრამ შევხედოთ ვითარებას, რომელიც ჩამოყალიბდა იმავე სიღარიბის შეფასებისთვის. იმისთვის, რომ სიღარიბე რეალურად შევაფასოთ, საჭიროა ვიცოდეთ, რამდენია რეალური საარსებო მინიმუმი. დღევანდელი საარსებო მინიმუმი ჩამორჩება თუნდაც იმას, რასაც გვპირდებოდა 2012 წელს, ანუ 5 წელზე მეტი ხნის წინ ირაკლი ალასანიას პარტია, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ოცნების ბლოკში იყო. გახსოვთ, ალბათ, დაპირება 220-ლარიანი პენსიის შესახებ. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს საკითხები დაივიწყეს. დღეს პასუხს ვერ მოვთხოვთ ვერც ალასანიასა და ვერც მის გუნდს, რადგან ყველა მთავარი სახე თამაშგარე მდგომარეობაშია. ზოგმა გუნდი შეიცვალა და ახლა ხელისუფლებაში თანამდებობაზეა. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ მეთოდოლოგიურად არსებობს პრობლემები საარსებო მინიმუმის განსაზღვრაში.


მარტივად რომ ავხსნათ, ხორცის მოხმარება საარსებო მინიმუმის ერთ-ერთი კომპონენტია. თუ შევადარებთ სომხეთისა და საქართველოს საარსებო მინიმუმის კალათებს, აღმოჩნდება, რომ ჩვენთან­ ხორცის კომპონენტი კალათში გაცილებით ნაკლებია. თითქოს ერთ რეგიონში ვართ, კვების კულტურაც მეტ-ნაკლებად მსგავსი გვაქვს და ასეთ­ ვითარებაში არ იბადება კითხვა, რატომ სჭირდება ქართველ მამაკაცს ნორმალური არსებობისთვის, სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის ნაკლები ხორცი, ვიდრე სომეხს?

მე მგონია, ახლა რეალური საარსებო მინიმუმი 220 ლარზე მეტიც კი არის (ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წლის ნოემბრისთვის შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175,7 ლარია. - რედ.).



- 2017 წლის ეკონომიკური მაჩვენებლებით ხელისუფლება კმაყოფილია, აღნიშნავენ, რომ პროგნოზირებულზე მეტია ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, უცხოელი ტურისტების რაოდენობა...


- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! მაშინ რა ემართება ლარს? თუ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, გუგუნებს ქვეყანა, ინვესტიციებიც შემოდის, რაც უცხოური ვალუტის შემოტანას ნიშნავს, მაშინ რა სჭირს ლარს? ამის მიზეზია ეკონომიკური პოლიტიკის ის პრიმიტივიზმი, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე ეტაპისთვის. ადრეც მისაუბრია 4-პუნქტიანი გეგმის პრიმიტიულ მოდელზე, რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორს არანაირად არ ავითარებს. შეიძლება სტატისტიკურად გიჩვენოს, რომ ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ რის ხარჯზე? შემოსული ტურისტის ხარჯზე რომ ეკონომიკა გეზრდება, განა ეს კარგია?


- რატომ, ხელისუფლება ამაყობს, რომ ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.


- ამ 2 მილიარდის არანაკლებ 70 პროცენტი ხომ ისევ საზღვარგარეთ გავიდა იმპორტის განსახორციელებლად!
როცა აქცენტს აკეთებ ტურიზმის განვითარებაზე და არ ლაპარაკობ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე, არ ლაპარაკობ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაზე, განათლების პრიორიტეტულობაზე, ეს შეცდომაა! მივესალმები ბატონი მიხეილ ჩხენკელის მოსვლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. როგორც იქნა, კომბლესთან მეომარი პაროდიული პიროვნება და დამოკიდებულებაც ამ სფეროსადმი შეიცვალა. მისი პირველი განცხადებებიც იმედისმომცემია. ქვეყანა რომ განვითარდეს, უმაღლესი სასწავლებლები საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა გადავიყვანოთ.


- მაინც რა იყო 2017 წელს ჩვენი მთავარი გამოწვევა ეკონომიკური თვალსაზრისით და გავართვით თუ არა თავი?


- ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ როცა ინფლაციის მიზნობრივი მა­ჩვე­ნებელი გაქვს 4% (ეროვნული ბან­კის მისამართით ვამბობ), ის კი 7%-ს გადააჭარბებს, ეს უკვე არანაირი მიზნობრივი მაჩვენებელი აღარ არის.


ის ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, ასახელებენ ქვედა და ზედა ზღვარს, შემდეგ კი ამ ამპლიტუდაში მოძრაობს ინფლაცია; ან ასახელებენ, რამდენი პროცენტული პუნქტით შეიძლება იყოს გადახრა მიზნობრივი მაჩვენებლიდან. ჩვენ კი ასე არა გვაქვს. მხოლოდ ერთი მაჩვენებელია დასახელებული, არც გადახრაა ნაგულისხმები და არც ქვედა ან ზედა ზღვარი. ეს კი ხელ-ფეხს უხსნის ეროვნულ ბანკს, თუ მიზნობრივს გასცდა ინფლაციის მაჩვენებელი, თქვას, რომ ეს დროებითი გადახრაა.


ინფლაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის ერთადერთი. ინფლაციის გამომწვევი არის არა მხოლოდ მოთხოვნის ზრდა, ფულის მასის ზრდა, არამედ ინფლაციას იწვევს ხარჯების ზრდაც. ეს ის არის, რითაც, მაგალითად, საუბარი დავიწყეთ - წყალი, ელექტროენერგია. ეროვნულ ბანკს არანაირი ინსტრუმენტი არა აქვს ხარჯების ზრდით­ გამოწვეული ინფლაციის შესაჩერებლად. მან რომ ახლა ფულის მასა შეამციროს, ამით ინფლაციას კი შეამცირებს, მაგრამ ეკონომიკას მიაყენებს ძლიერ დარტყმას. ეს კი ნიშნავს, რომ კანონში ჩანაწერი­ ეროვნული ბანკის ფუნქციების შესახებ აღარ არის ქმედუნარიანი.


ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, უკვე ფიქრობს, რომ მიდგომები უნდა შეიცვალოს, რადგან როცა დიდია იმპორტის წილი, გაცვლითი კურსი თამაშობს გადამწყვეტ მნიშვნელობას.


გასულ წელს გადავედით ე.წ. ესტონურ მოდელზე სრულიად გაუმართლებელი სქემით, რომლის მიხედვითაც შეღავათი შეეხო ყველაფერს და პირველ რიგში სასტუმროებს, ტურისტულ ბიზნესს, შეეხება საფინანსოსაც, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება შეღავათი. საგადასახადო შეღავათი მოგების რეინვესტირების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მხოლოდ ეკონომიკის რეალურ სექტორში, თანაც პირველ რიგში იქ, სადაც მაღალტექნოლოგიური განვითარება ხდება. როცა ეს შეღავათი დააწესეს, ამან ბიუჯეტს 400 მილიონი ლარი დააკარგვინა, ამის გამო დასჭირდათ აქციზების გაზრდა. რატომ არ გაზარდეს სხვა გადასახადი? იმიტომ, რომ ბრიყვული ჩანაწერი გვაქვს ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის პერიოდიდან კონსტიტუციაში, რომ თურმე რეფერენდუმით უნდა არეგულირო გადასახადის განაკვეთის ზრდა, ან სხვა გადასახადის დაწესება თუ უნდათ. რეფერენდუმი არ ეხება მხოლოდ აქციზებს და ამიტომაც გაზარდეს მათი განაკვეთი, რაც არაფერ კავშირშია ფულის მასასთან და ეროვნული ბანკი თამაშგარე მდგომარეობაშია. რასაც ვამბობ, სულაც არ არის გასაგებად რთული, თუ ადამიანს ექნება ორი რამ - მხოლოდ იმით არ იყოს დაკავებული, როგორ გაამართლოს დაკავებული თანამდებობა და ყურის დაგდების უნარი ჰქონდეს.


- ერთი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენა მაინც არ გახსენდებათ?


- ერთის ნაცვლად ორს გეტყვით. პირველია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ჩინეთთან, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობებს გაუხსნის ქვეყანას გონივრული მიდგომის შემთხვევაში. მეორე არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა, რაც, ფაქტობრივად, დიდი აბრეშუმის გზის შემდგომი ეტაპია.


- როგორია თქვენი ეკონომიკური პროგნოზი მომავალი წლისთვის?


- 2018 წელს ერთი საფრთხე არის მოსალოდნელი და განსაკუთრებით მინდა ჩვენი მოსახლეობა გავაფრთხილო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. დიდია ალბათობა, რომ კრიპტოვალუტები, განსაკუთრებით კი ბიტკოინი აფეთქდებიან, და ამაზე მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ლაპარაკობენ. არ არის გამორიცხული ეს 2018 წელს მოხდეს. ეს ფინანსური პირამიდა რომ აუცილებლად აფეთქდება, ამას წყალი არ გაუვა, ხოლო საქართველოში საკმაოდ დიდია კრიპტოვალუტებით გატაცება. ძალიან კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ გააფრთხილა მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჯობდა, უფრო ადრე ეთქვა, უფრო მკაფიოდ, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვიცით შემდეგ როგორც ხდება ხოლმე - დაზარალებული ხალხის რიგები მთავრობის წინ ან ეროვნულ ბანკთან მოთხოვნით, რომ ზარალი აუნაზღაურონ. სხვა მხრივ, პრინციპულ ცვლილებებს ეკონომიკურ პოლიტიკაში კი არ ველოდები.



კვირის პალიტრა



"ჯერჯერობით კონსესუსს ვერ მივაღწიეთ" - ლუდის ინდუსტრია ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვს

access_time2021-05-14 15:00:48
ლუდის სექტორსა და სახელმწიფოს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინდუსტრია მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. სექტორის მხრიდან წაყენებულ მოთხოვნებს შორის აქციზის გადახედვა და დღგ-ს გადავადება პრიორიტეტულ საკითხებად სახელდებოდა.   როგორც კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე აცხადებს, სექტორს მძიმე ტვირთად დააწვა ახლად ამოქმედებული რეგულაციებიც.   „სახელმწიფოს...

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...


მსგავსი სიახლეები

up