კორონავირუსთან დაკავიშირებთ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო აზერბაიჯანი შეზღუდვებს ამკაცრებს. ამის შესახებ Minval.az წერს.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული შტაბის განცხადით, 6 ივნისის 00:00 საათიდან 8 ივნისის 06:00 საათამდე ბაქოს, სუმგაითის, განჯის, ლანქერანისა და აფშერონის რაიონის ტერიტორიაზე შეჩერდება ვაჭრობისა და მომსახურების ყველა სფეროს მუშაობა. გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აიკრძალება ავტომანქანით გადაადგილება, გარდა სასწრაფო და სხვა სპეცდანიშნულების მანქანებისა.
დროის ამ მონაკვეთში, აღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებთ ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ახლო ნათესავის დაკრძალვაზე დასწრების ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების აუცილებლობის გარდა.
მოსახლეობისადმი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მიმართვაში ნათქვამია, რომ „მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იცავს დაწესებულ შეზღუდვებს, რამაც ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ამის გამო ოპერატული შტაბი იძულებული გახდა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში კარანტინის მკაცრი რეჟიმი დააწესოს. ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლოა მსგავსი რეჟიმი ქვეყნის ტერიტორიის სხვა ნაწილებშიც დაწესდეს. წესების დაცვა სავალდებულოა, მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება“, - განმარტა ასადოვმა.
აზერბაიჯანში ბოლო დღეებში ინფიცირებულთა მატების ტემპი შეიმჩნევა. 3 ივნისს დღიურმა მატებამ 325 ადამიანი შეადგინა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge