სადღესასწაულო დღეების შემდეგ 2-3 კვირა საკმაოდ რთული და საყურადღებო იქნება, - ამის შესახებ „ჯოენის სამედიცინო ცენტრის“ ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„თუ გვინდა, რომ ზაფხულის პერიოდში არ გვქონდეს რეგულაციები ან გვქონდეს მინიმალური, (რაც რეალურად საჭიროა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის), აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და აუცილებელია დაცვის მაჩვენებელმა 80-90 პროცენტს მიაღწიოს. იმედს ვიტოვებ, რომ სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობამ ყველა არსებული რეკომენდაცია გაითვალისწინა, სხვა შემთხვევაში სადღესასწაულო დღეების შემდეგ 2-3 კვირა რთული და საყურადღებო იქნება“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყება.
imedinews.ge