აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი ნდობას გაზრდის.
„ახლა ვერავინ დააყენებს ეჭვის ქვეშ ამ ვაქცინების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინა ინფორმაციის გაანალიზებაში“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
ენტონი ფაუჩის თქმით, ვაქცინის სრულად ავტორიზაციამ ხელი შეიძლება შეუწყოს არავაქცინირებულთა 20-30%-ის აცრას.
23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მეცნიერებმა ვაქცინის მონაცემების ასობით ათასი გვერდი შეაფასეს.
Pfizer-ის ვაქცინამ მარეგულირებლის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილა.
„მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე უსაფრთხოდ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთისთვის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ვაქცინის დამტკიცებამ ვაქცინაციისადმი დამატებითი ნდობა შეიძლება გამოიწვიოს“, - განაცხადა ჯანეტ ვუდკოკმა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოქმედმა კომისარმა.
imedinews.ge