აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ მუშაობს და, როგორც ჩანს, ახალ ვარიანტზე მორგებული გამაძლიერებელი დოზა საჭირო არ არის.
„ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის რეჟიმი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ მუშაობს. ამ ეტაპზე ახალ ვარიანტზე მორგებული გამაძლიერებელი დოზა საჭირო არ არის“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
მასაჩუსეტსის საერთო პროფილის ჰოსპიტალის (MGH) მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტების თანახმად, აშშ-ში ავტორიზებული სამივე ვაქცინა (Moderna, Johnson & Johnson-ი და Pfizer/BioNTech-ი), როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად ნაკლებად იცავს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, თუმცა გამაძლიერებელ დოზას დაცვის დიდი ნაწილის აღდგენა შეუძლია.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.
imedinews.ge