აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.
ზუგდიდიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამგზავრება დღეს დილიდან ათობით ადამიანმა შეძლო. აფხაზეთიდან საქართველოში გამომგზავრება კი ჯერ კიდევ აკრძალულია.
გადამსვლელ მოქალაქეებს, დე ფაქტო რესპუბლიკის გამშვებ პუნქტამდე თერმოსკრინინგი და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უტარდებათ. მგზავრების თქმით, რამდენიმე თვე ვერ ახერხებდნენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მათივე თქმით, არ ჰქონიათ ჯანმრთელობის ცნობა და ე.წ. აფხაზური პასპორტის და ბინადრობის მოწმობით მოახერხეს ე.წ. საზღვრის კვეთა.
პანდემიის მიზეზით, დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი, 14 მარტს ჩაკეტა. მიუხედავად გადაადგილების აკრძალვისა, სასწრაფო სამედიცინო მანქანებმა არაერთი მოქალაქე გადმოიყვანეს საქართველოში სამკურნალოდ. მათ შორის იყო კოვიდინფიცირებული 50 წლამდე ქალი, მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. პაციენტმა მკურნალობის სრული კურსი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიარა და სამედიცინო დაწესებულება გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვა.
Imedinews.ge