„ენგურჰესზე“ ტურისტული ცენტრის მოწყობის მიზნით, საერთაშორისო კომპანია Colliers-მა რომელიც შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ დაკვეთას ასრულებდა, ენგურის ტურისტული ცენტრის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა თითქმის დაასრულა.
„ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილის თქმით, Colliers-მა პროექტის განვითარების სხვადასხვა საინვესტიციო სცენარები შეიმუშავა.
„Colliers-მა თითქმის დაასრულა ენგურის ტურისტული ცენტრის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა. რაც შეეხება პროექტის ხარჯთაღრიცხვას, ამ ეტაპზე ვერ დასახელდება კონკრეტული საინვესტიციო თანხა, თუმცა ეს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა თორნიკე ყაზარაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მომზადებული საინვესტიციო სცენარებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს კერძო და საჯარო პარტნიორობის ფორმატით პროექტის განხორციელებას. გარდა ამისა, „ენგურის ტურისტული ცენტრის“ ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობამ უახლოეს მომავალში უნდა იმსჯელოს.
„კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდგომში მთავრობაზე წარდგენის მიზნით. სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული თუ რომელი სცენარით მოხდება პროექტის განვითარება და პირველ ეტაპზე რა ტიპის ატრაქციების მოწყობა დაიგეგმება. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი, თუმცა არ გამოირიცხება, რომ ეს 2021 წლის გაზაფხული იყოს, მაშინ როდესაც „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით გაჩერდება“, - განმარტავს თორნიკე ყაზარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და კაშხალზე მსოფლიოში არსებულ სიდიდით მეორე ყველაზე მაღალ ლიფტს მოიცავს. კონცეფცია კაშხლის სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის გამოყენებასაც განიხილავს ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.
ნინო თამაზაშვილი