საქართველოში ივლისში ელექტროენერგიის წარმოება 23%-ით 1.240 მლრდ კვტ/სთ–მდე, ხოლო მოხმარება 21%-ით 1.160 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. გენერაციის ზრდა ძირითადად მხოლოდ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად გაზრდილი წარმადობის ხარჯზე მოხერხდა. მოხმარება კი ყველაზე მეტად ოკუპირებულ აფხაზეთში გაიზარდა.
ენგურჰესმა გასული წლის ივლისში 395 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, წელს კი 60%-ით მეტი – 633 მლნ კვტ/სთ. სხვა სადგურების გენერაცია ან უმნიშვნელოდ გაიზარდა, ან შემცირდა.
ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ, წარმოების ზრდის მიზნით სხვა ძველი ჰესების რეაბილიტაციის იდეა პოპოლარული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის გარკვეული რესურსი სხვა ჰესებსაც გააჩნიათ, ზრდა ულიმიტო ვერ იქნება და ახალი გენერაციის ობიექტების გარეშე დეფიციტი და მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება აუცილებლად გაიზრდება.
გასული წლის მსგავსად იმპორტის საჭიროება, არც მიმდინარე წლის ივლისში დამდგარა, თუმცა წინა თვეების იმპორტმა უკვე 100 მლნ კვტ/სთ–ით გადააჭრბა 2020 წლის მთლიან იმპორტს, რაც ერთის მხრივ ენგურჰესის სამთვიან შეჩერებას, მეორეს მხრივ კი ელექტროენერგიის საიმპორტო ფასის ვარდნას უკავშირდება. თავად ფასი კი მოთხოვნის კლებამ შეამცირა. 2020 წლის იანვარ-თებერვალში თბოსადგურების გენერაციამ 950 მლნ კვტ/სთ შეადგინა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში კი - 670 მლნ კვტ/სთ. პანდემიამ იმპორტი თბოსადგურების წარმოების ფასზე იაფი გახადა, რაც სავარაუდოდ აღარ განმეორდება.
მოხმარება ყველაზე მეტად – 25%-ით ოკუპირებულ აფხაზეთში გაიზარდა. აფხაზეთმა 7 თვეში იმაზე მეტი ელექტროეერგია მოიხმარა, ვიდრე 2013 წელს მთლიანად და 6 თვეში უფრო მეტი, ვიდრე 2012 წელს მთლიანად. გარდა იმისა, რომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, ხშირია კრიპტომაინინგიც, რითაც ადგილობრივებთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული ადამიანებიც კავდებიან. 3–თვიანი ვარდნის შემდეგ, კრიპტოვალუტების ჯამურმა კაპიტალიზაციამ $2 ტრლნ–ს ისევ გადააჭარბა, რის გამოც მოხმარების კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი. აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ მაინინგის აკრძალვა არ მუშაობს.
გიორგი ელიზბარაშვილი