„ენგურჰესის“ 22 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი გალის რაიონის სოფელ საბერიოს ქვესადგურის თანამშრომლები არიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, საბერიოში ჯამში 28 პირი დაინფიცირდა. აქედან 22 ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო დანარჩენები საბერიოში მცხოვრები მოქალაქეები. მისივე თქმით, მათი გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება ენგურის ხიდის გავლით და კოვიდინფიცირებულები გადანაწილდებიან, საქართველოში სპეციალიზირებულ საავადმყოფოებში.
ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში, 56 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განყოფილების უფროსის, ანზორ ქობალიას ინფორმაციით, გუშინ ჯამში, 717 ადამიანი გაიტესტა, მათ შორია 82 საბერიოდან. რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ამ დროისთვის, 320 ადამიანია კარანტინში.
imedinews.ge