ენერგეტიკაში შექმნილი არასახარბიელო ვითარების გამოსასწორებლად შიდა კონსენსუსი გვჭირდება. პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, გვინდა თუ არა, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი თუ ის გარე მომწოდებლებზე, კეთილმოსურნე თუ არაკეთილმოსურნე მეზობლებზე დამოკიდებული უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ენერგეტიკის სპეციალისტმა, მურმან მარგველაშვილმა განაცხადა.
„ენერგეტიკაში შექმნილი ვითარება დღეს სახარბიელო ნამდვილად არაა, ვინაიდან ჩვენი გარე დამოკიდებულება მუდმივად იზრდება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს არის ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გადაჭრილი პრობლემების შედეგი. ჩვენ გვაკლია პროფესიული სისტემები, მთავრობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია, ერთიანი სტრატეგიული ხედვები. ეს ყველა ფაქტორი ერთობლიობაში განაპირობებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება იყოფა ჰესების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და ისინი ქვეყნის განვითარების ნაცვლად ერთმანეთთან ბრძოლის არიან დაკავებულები. სამწუხაროდ, ამაზე ცუდად მოქმედებს პოლიტიკოსთა ჩარევაც, ვინაიდან ხშირად ეს თემა პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი ხდება და საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარება ზარალობს. დროულად უნდა მოვიფიქროთ რაღაც ღონისძიებები და მივაღწიოთ საერთო კონსენსუსს, რათა კვლევებზე, პროფესიულ სისტემებსა და მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით განვავითაროთ ეს რესურსი ისე, რომ არც გარემო დავაზიანოთ და განვითარებისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა.
მისივე თქმით, პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, გვინდა თუ არა, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი თუ ის გარე მომწოდებლებზე, კეთილმოსურნე თუ არაკეთილმოსურნე მეზობლებზე დამოკიდებული უნდა დარჩეს.
„შემდეგ უნდა შევთანხმდეთ, გვინდა თუ არა უკეთ ცხოვრება და ჩვენი კეთილდღეობის განვითარება. ამის შემდეგ უნდა ვნახოთ საერთაშორისო გამოცდილება - როგორ მოქმედებენ ნორვეგია, ავსტრია, შვეიცარია, იტალია და ა.შ. გარდა ამისა, უნდა ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე. 2019 წელს საქართველოში დაიხარჯა 1,6 მილიარდი კილოვატ/საათი. ეს რომ ფულზე გადავიანგარიშოთ, დაახლოებით 50-70 მილიონი დოლარი გამოდის. აქედან 1 მილიონი რომ დაგვეხარჯა და შიდა კონსენსუსი გვქონოდა, ბევრად წინ ვიქნებოდით და ამხელა იმპორტის განხორციელება არ დაგვჭირდებოდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
imedinews.ge