საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამიტზე საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთის მიმართ ერთიან ევროპულ მიდგომას დაუჭირეს მხარი.
„რუსეთთან სამიტის სწრაფად ჩატარებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ შედგა. ჩემი აზრით, ეს ტრაგედია არ არის. მთავარია, ერთიანები დავრჩეთ. განხეთქილებები გვასუსტებს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
„რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა ვიხილეთ. ევროკავშირის სამიტზე ჩემს მეგობრებს ვუთხარი: ჯო ბაიდენს თქვენი აზრი არ უკითხავს. ხედავთ, რომ ისინი ერთად იკრიბებიან და ეს თქვენთვის შოკისმომგვრელი არ არის. უცნაურები ვართ. რუსეთთან სამიტის ჩატარებით შეპყრობილი არ ვარ. გულწრფელად გეტყვით, მე არ მჭირდება ევროკავშირის სამიტი ვლადიმერ პუტინის სანახავად. რამდენჯერმე შევხვდი მას და კიდევ შევხვდები. უბრალოდ ევროპული ფორმატი გვჭირდება, რათა წინ წავიწიოთ“, - განაცხადა მან.
ევროკავშირის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივაზე უარი თქვეს.
შესაბამისი წინადადება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტის საბოლოო კომუნიკედან ამოიღეს. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო მზად იყო, ვეტო დაედო აღნიშნულ ინიციატივაზე.
„ეს რთული დისკუსია იყო. კიდევ ერთხელ განვსაზღვრეთ, რა პირობებით ვართ მზად რუსეთთან უფრო მჭიდროდ მოქმედებისთვის. სამიტის გამართვის შესახებ შეთანხმებას დღეს ვერ მივაღწიეთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ევროკავშირის ვლადიმერ პუტინთან სამიტები მას შემდეგ შეჩერდა, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა.
imedinews.ge