ელონ მასკის განცხადებით Apple-მა Twitter-ს App Store-დან აპლიკაციის წაშლით დაემუქრა. რაც ორ კომპანიას შორის დაპირისპირების გამწვავების ნიშანია.
„ამ თვეში ელონ მასკმაTwitter-ის ათასობით თანამშრომელი დაითხოვა, სოციალური ქსელის ფუნქციების შეცვალა და წაშლილი ანგარიშები აღადგინა. ახლა ის ყველაზე სარისკო თამაშს - Apple-თან ომს იწყებს“, წერს Bloomberg-ი.
მილიარდერი iPhone-ის მწარმოებელს ორშაბათს Twitter-ზე დაესხა თავს. მან დაწერა, რომ Apple-მა Twitter-ზე რეკლამები შეამცირა და Twitter-ს App Store-დან აპლიკაციის წაშლით ემუქრება. ამის შემდეგ მასკმა კითხვები დასვა - Apple-ს სიტყვის თავისუფლება ხომ სძულს და მის მეორე კომპანიას, Tesla-საც ხომ არაფრით დაემუქრებაო?
Apple-ი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამის განმთავსებელი იყო. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, კომპანიის სარეკლამო ხარჯები ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს აჭარბებდა.
აღსანიშნავია, რომ App Store-ი iPhone-ში აპლიკაციის ჩაწერის ერთადერთი ლეგალური გზაა. თუ ამ აპლიკაციაზე Twitter-ს წვდომა შეეზღუდება, ეს უკანასკნელი Apple-ის 1,5 მილიარდზე მეტ სმარტფონთან დაკარგავს წვდომას. ამ ყველაფერს ამწვავებს ის გარემოებაც, რომ Twitter-ის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი აშშ-ის მოქალაქეა, ამერიკელების 80% კი iPhone-ს იყენებს. მასკმა ისიც თქვა, რომ თუ Apple და Google თავიანთი სისტემებიდან Twitter-ს წაშლიან, მაშინ ის საკუთარ სმარტფონს შექმნის.
Bloomberg-ი იმასაც წერს, რომ მასკი ცდილობს, Twitter-ი ნაკლებად იყოს დამოკიდებული რეკლამაზე. მაგრამ რეკლამამ Twitter-ს შარშან 5.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა, აქედან დიდი წილი Apple-ზე მოდიოდა.
ცნობისათვის, ოქტომბრის დასაწყისში Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ შილერმა, რომელიც Apps Store-ს ხელმძღვანელობს, თავისი Twitter-ის ანგარიში წაშალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მასკმა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიში აღადგინა, რომელიც 2021 წლის იანვარში აშშ-ს კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ Twitter-დან წაშალა, წერს Bloomberg-ი.
მოამზადა მაკა ბიბიალშვილმა