„2015 წელს, როდესაც კომპანია დაფუძნდა, ჩვენი მთავარი ფუნქცია იყო ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობა, რაც გამოიხატებოდა აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში“, - განაცხადა ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
მისი თქმით, მას შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროებებმა იმატა, კომპანიის ფუნქცია ასევე გახდა უკვე საქართველოში ენერგიის იმპორტი. „ელ გრინისთვის სატრანზიტო მიმართულება, ცხადია, კვლავ აქტუალურია და იმედი გვაქვს, რომ ივნის-ივლისიდან აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ტრანზიტს ისევ განვაახლებთ.
პანდემიამდელ პერიოდში ელექტროენერგიის მეტი იმპორტის საჭიროება წარმოშვა მოხმარების ზრდამ, რაც, ბუნებრივია, გამოიწვია ეკონომიკურმა განვითარებამ.
ეს ორი ფაქტორი - ელექტროენერგიის ზრდა და ეკონომიკური ზრდა, პირდაპირპროპორციული მოცემულობებია. ზოგადად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენცია დადებითი ინდიკატორია ეკონომიკური განვითარების დონის შესაფასებლად“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.
მან ასევე განმარტა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, უნდა განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ დადებით კონტექსტში. ხოლო ის, რომ საქართველოს გენერაციის შესაძლებლობები არ დახვდა მომზადებული ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, ეს უკვე ცალკე საკითხია და დასანანი ფაქტია. მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე შედეგია ის, რომ გაზრდილი მოხმარების დაბალანსება ქვეყანას გაზრდილი იმპორტის ხარჯზე უხდება.