ელ-სალვადორში პირველი „ბიტკოინის ქალაქი“ აშენდება, რომელიც თავდაპირველად ბიტკოინის ობლიგაციებით დაფინანსდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.
„ამ ინიციატივით ბუკელემ კრიპტოვალუტაზე ელ-სალვადორის ფსონი გააორმაგა,“ - წერს Reuters.
პრეზიდენტის თქმით, ქალაქი, რომლის მშენებლობაც ქვეყნის აღმოსავლეთში არის დაგეგმილი, ენერგომომარაგებას ვულკანიდან მიიღებს და იქ დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარდა, არანაირი გადასახადი არ დაწესდება.
„ჩვენ დაფინანსებას მომავალ წელს დავიწყებთ და ობლიგაციები ხელმისაწვდომი უკვე 2022 წელს იქნება,” - აცხადებს ნაიბ ბუკელე.
ბლოკჩეინის ტექნოლოგიების პროვაიდერის, Blockstream-ის სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა, სამსონ მოუმ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ელ სალვადორი თავდაპირველად ბიტკოინით მხარდაჭერილ 1 მლრდ დოლარის ობლიგაციას გამოუშვებს, რათა დაგეგმილი ქალაქის მშენებლობისთვის თანხების მიზიდვა დაიწყოს.
სექტემბერში ელ სალვადორი მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ბიტკოინი გადახდის ოფიციალურ საშუალებად გამოცხადდა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"