კორონავირუსის ინფექციის გამოვლენისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები, რომელიც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩინეთში შეიძინა, კარგად არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Mundo ავრცელებს.
„ამ სწრაფი ტესტების მგრძნობელობა 30%-ია მაშინ, როდესაც 80%-ს უნდა აღემატებოდეს. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ეს სწრაფი ტესტები უსარგებლოა, ვინაიდან არასწორ შედეგებს იძლევა. ბევრ პაციენტს, ვისაც ინფიცირება აქვს, ეს ტესტები უარყოფით პასუხს აძლევს“, - განუცხადეს გამოცემას მადრიდის ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებმა.
22 მარტს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 640.000 სწრაფი ტესტების განაწილების პროცესი დაიწყო, მათ შორის 8.000 სწრაფი ტესტი მადრიდს გადაეცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge