ეკონომიკურის საქმიანობის განხორციელების მიზნით, რეგისტრაცია უკვვე 2 000-მდე კომპანიამ გაიარა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ბერაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, რეგისტრაციის ტემპი შენელებულია. ბერაძე ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, გაიარონ რეგისტრაცია, რათა გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა.
„ეკონომიკის გახსნა დაანონსებულია 6 ეტაპად. მეორე ეტაპის კომპანიები დღეს პრიორიტეტულად მოწმდება. ამ ეტაპის მიმართულებებია: მშენებლობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების საქმიანობა, კომპიუტერებისა და პირადი საყოფაცხოვრებო საშუალებების რემონტთან დაკავშირებული საქმიანობები. ასევე სარეკრიაციო ზონების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
ამის შემდეგ დაიწყება ეკონომიკის მესამე ეტაპის გახსნის ფაზა. ცხადია, ამ დროსაც ჩავატარებთ შემოწმებას. შემოწმების პროცესში, პრიორიტეტი ენიჭება კომპანიებს, რომელიც მეორე ეტაპისთვისაა განსაზღვრული. ამაში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება. მათ კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უწევს. ეს უწყებები არიან: შემოსავლების სამსახური, გარემოსდაცვითი ზედამხედვველობის სააგენტო, ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრაციის განხორციელებიდან არაუგვიანეს 2-3 სამუშაო დღისა, ხდება და მოხდება კომპანიების შემოწმება. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რეგისტრაციისას კომპანიას ჰქონდეს მაქსიმალური მზაობა, რომ დახვდეს შემოწმების პროცესს“ - განაცხადა ბერაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანიები, რომელთაც აპრილში უკვე გაიარეს რეგისტრაცია, დამატებით რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.
დღესვე, ჯანდაცვის მინისრტის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ბიზნესოპერატორებს მოუწოდა, რეგისტრაციამდე, გაეცნონ სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და დარწმუნდნენ, რომ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს.
imedinews.ge