ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: გამოწვევა უსაფრთხოებისთვის

ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: გამოწვევა უსაფრთხოებისთვის

access_time2020-05-04 18:00:02

“კოვიდ-19″ -ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში, რომელიც რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებასა და თანმდევ საფრთხეებს შეეხება. ორგანიზაცია აღნიშნული დამოკიდებულების ძირითად მიმართულებებზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებსაც აძლევს მის მინიმუმამდე შესამცირებლად.


საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით არის დამოკიდებული, რაც,ორგანიზაციის შეფასებით “ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს”.


“რუსეთზე განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება შეინიშნება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმში და რუსული ხორბლის იმპორტში”, – ნათქვამია ანგარიშში.


საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით არის დამოკიდებული, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რუსეთზე განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება შეინიშნება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმში და რუსული ხორბლის იმპორტში.


ამის საპირისპიროდ, რუსულ ენერგო რესურსებზე საქართველოს დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, დაბალია საქართველოს რუსულ ინვესტიციებზე დამოკიდებულება.


ბოლო წლებში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდებოდა და 2019 წელს დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13.2% იყო. თუმცა, „კოვიდ-19”-ის პანდემიის გავლენა რუსეთში ექსპორტს მნიშვნელოვნად დაეტყო და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი წილი 11.7%-მდე შემცირდა.


2013-2019 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი 158 მლნ აშშ დოლარით (244%-ით) გაიზარდა, საიდანაც 110 მლნ რუსეთში გაყიდვებზე მოდის. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 133 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 57% იყო.


საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-მდე რუსეთზე მოდის. ხორბლის იმპორტში კი რუსეთის წილი 90%-ზე მაღალია.


უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების მხრივ საქართველო ყველაზე მეტად ტურიზმით არის დამოკიდებული რუსეთზე. 2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯეს. საქართველოს ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში რუსი ვიზიტორების წილმა მაქსიმალურ - 16%-იან მაჩვენებელს 2018 წელს მიაღწია. 2019 წლის ივლისიდან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, რუსეთის წილი საქართველოს ტურიზმში 15.7%-მდე შემცირდა. პანდემიის გავლენაც რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლას მნიშვნელოვნად დაეტყო. 2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით, ხოლო წილი 13%-მდე შემცირდა.


2019 წლიდან რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები მცირდება. 2019 წელს რუსეთიდან 429 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მთლიანი ფულადი გზავნილების 29%-ია, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი 56% იყო. 2020 წელიც რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებით დაიწყო. იანვარ-მარტში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 21%-მდე შემცირდა. დროთა განმავლობაში რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე საქართველოს დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპის ქვეყნები უფრო მიმზიდველია და ამ ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები მზარდი ტენდენციით ხასიათდება.


მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ის ძირითადი სფეროები შეისწავლა, სადაც საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე. ეს სფეროებია: საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფული.


ბოლო წლებში საქართველოსთვის აქტუალური აღარ არის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რადგან ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთს მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2019 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 4%-მდე იყო.ბუნებრივი აირის მოხმარებაში კი, 2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებული აირის წილი - 1.7%.


ბოლო წლებში მნიშვნელოვანი მოცულობის არ არის რუსეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. 2015-2019 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში საშუალოდ 3.4% იყო. თუმცა, საქართველოში ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.


საინტერესოა 2015 წლის გამოცდილებაც, როდესაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები არ გართულებულა, მაგრამ რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 41%-ით, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები 46%-ით შემცირდა. ჯამში, აღნიშნული 2 წყაროდან საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით ნაკლები თანხა შემოვიდა. ეს აისახა კიდევაც საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ლარის კურსზე. თუმცა, 2015 წელს ეკონომიკას ზრდა არ შეუწყვეტია და 3%-ით გაიზარდა.


ექსპორტი


2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ფაქტობრივად სავაჭრო ბოიკოტი გამოუცხადა, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 18% იყო (154 მლნ აშშ დოლარი). ამის შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა და 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2%-მდე იყო (საშუალოდ 34 მლნ აშშ დოლარი წელიწადში).


რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა 2013 წლიდან აღდგა, რაც საქართველოს ხელისუფლების ცვლილებით იყო განპირობებული. 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, რუსეთში საქართველოს ექსპორტი 487%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო ეს მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ 2016 წლიდან ისევ სწრაფი ზრდა დაიწყო და 2019 წელს ქართულ ექსპორტში რუსეთის წილმა 13.2% შეადგინა. გასულ წელს საქართველომ რუსეთში 497 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 2.8%-მდეა.


2020 წლის პირველ კვარტალში „კოვიდ 19”-ის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია, მათ შორის ვაჭრობაშიც. მარტში საქართველოს ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ხოლო იანვარ-მარტის ჯამური ექსპორტი 6%-ით არის შემცირებული. მარტში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 43%-ით შემცირდა, იანვარ-მარტის ჯამური ექსპორტი კი 33%-ით (44 მლნ აშშ დოლარით) არის შემცირებული. ვინაიდან რუსეთში ქართული ექსპორტის შემცირების დონემ ჯამური ექსპორტის კლების დონეს გადააჭარბა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 11.7%-მდე შემცირდა.



2019 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 133 მლნ აშშ დოლარით. ასევე, მსხვილი საექსპორტო პროდუქცია იყო: ფეროშენადნობები - 115 მლნ აშშ დოლარით, მინერალური და მტკნარი წყლები - 61 მლნ აშშ დოლარით და სპირტიანი სასმელები - 35 მლნ აშშ დოლარით. ამ 4 პროდუქტზე საქართველოდან რუსეთში გატანილი მთლიანი ექსპორტის 69% მოდის.



2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მნიშვნელოვანი კლება (-37%) ფეროშენადნობების ექსპორტშია. შემცირდა ღვინის, მინერალური და მტკნარი წყლების და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც.


პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, რუსეთის მხრიდან ყველაზე მკაცრი სავაჭრო შეზღუდვების პირობებში, საქართველო რუსეთის ბაზრიდან წელიწადში დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარის შემოსავალს დაკარგავდა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2006 წლის სავაჭრო ბოიკოტის და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი არ განულებულა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში შემცირდა, ამ ეტაპზე რთულია შეფასება, პანდემიის გამო რამდენად შემცირდება რუსულ ბაზარზე ექსპორტი და საბოლოო ჯამში, გაიზრდება, თუ შემცირდება საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება.


ისიც გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ჯამური ექსპორტი უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე პოტენციურად რუსულ ბოიკოტს შეუძლია ზიანი მოგვაყენოს.


ღვინის ექსპორტი


2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 244%-ით, 158 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 158 მლნ დოლარიანი ზრდიდან 110 მლნ რუსულ ბაზარზე მოდის. 2012 წელს რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 23 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2019 წელს კი - 133 მლნ აშშ დოლარის. ამავე წლებში ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 0.04%-დან 57%-მდე გაიზარდა.


2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ექსპორტის მეტი მასშტაბის შემცირების გამო, რუსეთის წილი 59%-მდე გაიზარდა. იანვარ-მარტში რუსეთში 26.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიტანეთ.




რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულებაც პოლიტიკური რისკების მატარებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის ბოიკოტირებამ, ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო რუსეთის დუმაში ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვის განხილვამ, ნათლად აჩვენა, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა. ამასთან, ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე ძირითადად კახეთის მოსახლეობაა დამოკიდებული და ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ზარალიც დიდ წილად მათ აწვებათ, როცა ბევრ ოჯახს შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ გააჩნია.


იმპორტი


საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. 2019 წელს რუსეთიდან იმპორტმა 976 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საქართველოს მთლიანი იმპორტის 11%).


რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (20%) ბენზინს უჭირავს, შემდეგ კი მოდის ხორბალი -2019 წელს რუსეთიდან 91 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი შემოვიტანეთ. ხორბალზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში სასურსათო მოხმარებაში ხორბლის 70%-მდე რუსეთზე მოდის. თუმცა, 2015 წელთან შედარებით, როცა რუსული ხორბლის წილი 82%-ს აღწევდა, შემცირების ტენდენციაა.


2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 72 ათასი ტონიდან 87 ათას ტონამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში იმპორტირებული ხორბლის 100% რუსული ხორბალი იყო.




რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის. ამის დამადასტურებელი ის მოვლენებია, რომლებიც რამდენიმე კვირაა რუსული ხორბლის გარშემო მიმდინარეობს. „კოვიდ-19”-ის პანდემიის გამო რუსეთმა საკუთარი ხორბლის ექსპორტი მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ფაქტობრივად შეაჩერა.


ტურიზმი


ვაჭრობით რუსეთზე დამოკიდებულება საქართველოსთვის ახალი არ არის, მაგრამ ტურიზმით რუსეთზე დამოკიდებულება ნამდვილად ბოლო ათწლეულმა მოიტანა. უფრო მეტიც, მიღებული შემოსავლის მხრივ თუ შევადარებთ, რუსი ტურისტებისგან მეტი ფული შემოდის საქართველოში, ვიდრე რუსეთში საქონლის ექსპორტიდან. 2011 წელს რუსი ტურისტების წილი საქართველოს მთლიან ტურიზმში 7.1% იყო - სულ 220 ათასი ადამიანი შემოვიდა, 2018 წელს კი 1.4 მლნ რუსეთის მოქალაქე ეწვია საქართველოს და მისი წილიც 16.2%-მდე გაიზარდა.


2019 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან ტურიზმი 31%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან ტურიზმში მისმა წილმა 18%-ს მიაღწია. 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, 8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ფრენების შეჩერებამ ვიზიტორების შემოსვლაზე გავლენა იქონია. გასული წლის ივლის-დეკემბერში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით შემცირდა, მთლიან ტურიზმში მისი წილი კი წლის პირველ ნახევართან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა. საბოლოო ჯამში 2019 წელს რუსი ვიზიტორების რაოდენობა 4.8%-ით მაინც გაიზარდა (წლის პირველი ნახევრის ხარჯზე) და ჯამში 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა მისი წილი 15.7%-მდე შემცირდა.


2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 1.1%-ით გაიზარდა, თებერვალში 25%-ით შემცირდა, ხოლო მარტში - 67%-ით იკლო. მთლიანობაში, პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით შემცირდა - 82 ათასით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში. მისი წილიც შემცირდა და 13% შეადგინა, რადგან ვიზიტორების ჯამური მოცულობა რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე ნაკლები მასშტაბით შემცირდა.



საქართველოში ქვეყნების მიხედვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა არ კეთდება, მაგრამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით ცნობილია, რომ 2019 წელს ერთმა რუსმა ტურისტმა საქართველოში საშუალოდ 1,282 ლარი დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს რუსი ტურისტებისგან საქართველომ დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი მიიღო (საქართველოს მშპ-ს მიმართ 4%), 2020 წლის პირველ კვარტალში კი - 70 მლნ აშშ დოლარამდე.


„კოვიდ-19”-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას აუკრძალავდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 700 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავდა. თუმცა, ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილი საზღვრები, საუკეთესო შემთხვევაში, 2020 წელს საქართველოს ტურიზმიდან ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დააკარგვინებს.


ფულადი გზავნილები


ქვეყნის გარეთ ემიგრანტების მიერ გამომუშავებული ფული საქართველოში ძირითადად ფულადი გზავნილების სახით შემოდის. ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2019 წელს - 25%. ამას ორი გარემოება განაპირობებს: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები მცირდება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდება. რუსეთიდან გზავნილებმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ნავთობის ფასის დაცემამ და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. 2019 წელს რუსეთიდან 1.9-ჯერ ნაკლები თანხა გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე 2013 წელს. მეორე მხრივ, ბოლო წლებში ქართველ ემიგრანტთა ახალი ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებისკენ უფრო მიემართებიან, ვიდრე რუსეთისკენ, რამაც ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობა გაზარდა. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება გზავნილები ისრაელიდან. ყოველივე ეს რუსეთის წილის შემცირებას იწვევს.


მიუხედავად შემცირებისა, 2019 წელს გადმორიცხული 429 მლნ აშშ დოლარი (საქართველოს მშპ-ის მიმართ 2.3%) მნიშვნელოვანი თანხაა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, გადმორიცხვების აკრძალვით ფულადი გზავნილების სრულად შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. 2006 წელსაც კი, ქართველების გარკვეული ნაწილის დეპორტაციის მიუხედავად, 2005 წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილები 78%-ით გაიზარდა, ხოლო 2007 წელს, 2006 წელთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეული იყო აღნიშნულ წლებში რუსეთის ეკონომიკის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით.


2016-2018 წლებში რუსეთიდან ფულადი გზავნილები დაბალი ტემპით იზრდებოდა, 2019 წლიდან კი მან კლება დაიწყო. 2019 წელს რუსეთიდან გზავნილები 6.2%-ით (11 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა.


2020 წელიც რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებით დაიწყო: იანვარში იგი 5.2%-ით შემცირდა, თებერვალში - 9.3%-ით, ხოლო მარტში - 28.3%-ით. მარტის სტატისტიკაზე პანდემიის გავრცელების ეფექტი აშკარად იგრძნობა. თუმცა საინტერესოა, რომ ყველა ქვეყნიდან ჯამური გადმორიცხვები მარტში 9%-ით შემცირდა, რაც რუსეთისგან დაფიქსირებულ კლებაზე 3-ჯერ ნაკლებია. მარტში რუსეთის წილმა საქართველოს ფულად გზავნილებში 20.2% შეადგინა, როცა 2019 წლის მარტში იგი 25.5% იყო. იანვარ-მარტში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 15%-ით (14.4 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა. ამავე პერიოდში რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებში 21% იყო.




„კოვიდ-19”-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება ფულადი გზავნილების სრულად შეწყვეტას მოახერხებდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარს დაკარგავდა. თუმცა, ეს ძალიან არარეალური სცენარია, რადგან ამ შემთხვევაში ემიგრანტები სხვა გზით გამოგზავნიდნენ ფულს. რუსეთში გამომუშავებული თანხის საქართველოში გადმორიცხვის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მასობრივი დეპორტაციაა. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, მათი დეპორტაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.


დასკვნა და რეკომენდაციები


2019 წელს საქართველომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილებისა და რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მეშვეობით დაახლოებით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 9%-ია.


„კოვიდ-19”-ის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება „ბუნებრივად“ მცირდება. პანდემიური პერიოდის გასვლის შემდეგ კი, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე. მინიმუმ ეს გარდაუვალი იქნება ტურიზმის შემთხვევაში, რადგან საქართველოს ტურიზმზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულება შემცირდება და 2019 წლის დონეზე დაბრუნებას რამდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს.


„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს. ეს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას გარკვეულ გამოცდილებას შესძენს, რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ ნაკლებ მოწყვლადი იყოს და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს.


დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება. გარდა ამისა, საფრთხის მხრივ ექსპორტ-იმპორტი იმით არის გამორჩეული, რომ მისი სრულად შეწყვეტა გაცილებით იოლად არის შესაძლებელი, ვიდრე ტურიზმის და ფულადი გზავნილების.


საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ის გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე:


პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;


პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა აქტიურად დაეხმაროს ბიზნეს სექტორს. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;


წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;


პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი შედეგიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა იყოს.







21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up