ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის რეკომენდაციების მიხედვით, ნათელია, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო საზოგადოებრივი დანიშნულების ხელით შეხებადი ღილაკებია (ლიფტი, ბანკომატი, შუქნიშანი, შლაგბაუმი). სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი sensor.ge, რომლის მიზანია, სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება. სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით, მათი სარგებლობისთვის საკმარისი იქნება, მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან და ის შეასრულებს თავის ფუნქციას.
სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში, გარდა ამისა, მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია 200 ღილაკს სხვადასხვა ლოკაციაზე უფასოდ დაამონტაჟებს.
ღილაკების რეალიზაციისთვის sensor.ge-ს პროექტის მთავარი პარტნიორები იქნებიან ლიფტების მომსახურე და მწარმოებელი კომპანიები. პროექტი ითვალისწინებს ტესტირების რეჟიმის სრულად დასრულებას ერთი მოდიფიკაციის ღილაკზე და პირველადი რაოდენობის სერიულ წარმოებას. sensor.ge გათვლილია ყველა მოქალაქეზე, რომელიც იყენებს ლიფტს ან ბანკომატის ღილაკებს, ასევე, ბანკების საჭიროებებზე, სამშენებლო კომპანიებსა და ლიფტების მწარმოებელ კომპანიებზე.
(NS)