წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.
გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა გოგიტა თოდრაძემ. მისი ინფორმაციით, ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია, გარდა ამისა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც ნეგატიურად აისახა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის განცხადებით, დარგი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კლების მიმართულებით, მშენებლობაა, შემდეგ მოდის ვაჭრობა და გადამამუშავებელი მრეწველობა.