ეკოსისტემაზე ადამიანის მავნე ზემოქმედების პარალელურად, ეკომეგობრული და მდგრადი განვითარების მიმართულებით ბევრი ბიზნესი გააქტიურდა.
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ დეკანოსიძემ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, რომ ამ კუთხით კომპანიის გააქტიურებას რამდენიმე წინაპირობა ჰქონდა. მთავარი კომპანიის 2025 წლის სამოქმედო გეგმა იყო, სადაც 2019 წელს ჩაიწერა, რომ კომპანიის მიზანი მომდევნო 5 წლის განმავლობაში მდგრადი განვითარება იქნებოდა.
„ირაომ“, ამ მიმართულებით, ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კომპანიის შიგნით ნარჩენების მართვას გულისხმობდა, CENN-თან ერთად განახორციელა.
„პროექტი ჩვენი ყოველდღიურობიდან ისეთი ელემენტების გაქრობას მოიაზრებდა, როგორებიცაა ურნა, პლასტიკური ბოთლი, პარკი და მათ ნაცვლად ისეთი ახალი ელემენტების გაჩენას, როგორებიცაა მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები და შუშის ბოთლები. ამას გარდა, ცალკე გვაქვს ურნები პლასტმასისთვის, მაკულატურისთვის და სხვა ნარჩენებისთვის. ამ სიახლეებს თანამშრომლების ნაწილის პროტესტი მოყვა, მაგრამ ნაწილი ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა და შევთანხმდით, რომ რაღაცით უნდა შევწუხებულიყავით, რომ „ირაო“ ეკომეგობრული კომპანია გამხდარიყო“,— განაცხადა ვახტანგ დეკანოსიძემ.
ვახტანგ დეკანოსიძის თქმით, ამ მიმართულებით, გამოსავალი საზოგადოების ქცევის ცვლილებაა და მსგავს ინიციატივებს განგრძობადი ხასიათი უნდა ჰქონდეს.
„ეს პროცესი კულტურის ცვლილებამდე და ეკომეგობრულ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანს, რის შემდეგაც უფრო მწვანე ქალაქი გვექნება და უფრო მზრუნველი ადამიანები ვიქნებით“, — განაცხადა ვახტანგ დეკანოსიძემ.