საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაციისას ყურადღება სოციალური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.
„ჩვენი მიზანია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე იქნას შემცირებული. ამისათვის გამოცხადდა მორატორიუმი და დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.
გარდა ამისა პანდემიის სირთულეების მიუხედავად, ყველა მოქალაქემ შეუფერხებლად მიიღო მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო გასაცემლები, რასაც დაემატა მოსახლეობის მხარდამჭერი გეგმით განსაზღვრული სუბსიდიები. ამ მიმართულებით უკვე ისარგებლა 1 700 000-ზე მეტმა პირმა, რისთვისაც სახელმწიფოს მეირ გაიცა 492 000 000 ლარზე მეტი“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.