ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სწორედ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი. სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. ყველა სამედიცინო დაწესებულების ამცრელი გუნდი სამი ადამიანითაა დაკომპლექტებული - ექიმით, ექთანითა და რეგისტრატორით. თითოეულ გუნდს ჩატარებული აქვს შესაბამისი ტრენინგი, როგორც აცრის, ისე აცრის შემდგომ, შესაძლო გართულების სამართავად.
„მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გაფართოვდეს. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანაა ჩართული. სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ეს პროცესი ეპიდვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
გარდა ამისა, მინისტრმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც გახსნა.
განყოფილება იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი ,რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის - კერძოდ ჰემოდიალიზის მხარდაჭერა ესაჭიროება.
დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტში სამედიცინო მომსახურეობა 200-მდე პაციენტს გაეწევა.
განყოფილებაში არის უახლესი გერმანული წარმოების 2020 წლის გამოშვების სტანდარტების შესაბამისი 20 B-Braunis ტიპის სადიალიზო აპარატები, ფუნქციური საწოლები და წყლის საწმენდი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
აღნიშნული სამედიცინო ტექნიკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიძინა.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობას. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.